რომი იყო ქალაქი,სადაც…
ხმელთაშუაზღვის აუზის პოლიტიკურ და კულტურულ ცენტრად ქცეული „მარადიული ქალაქი” – რომი იყო ქალაქი,სადაც მიცვალებულთა დაკრძალვაზე გლადიატორების ერთმანეთის ამოხოცვის ამაზრზენმა პრაქტიკამ პირველად ძვ.წ.აღ-ით 264 წელს აიღო სათავე (აღნიშნულ წელიწადს ძმებმა ბრუტებმა მამის დაკრძალვის დღეს ერთმანეთს შეაკლეს ექვსი შეიარაღებული მონა); (ავტორი გენია.ჯი) სადაც პროკონსულმა,ვინმე მესალიამ ერთ დღეს სიკვდილით დასაჯა 300-მდე მონა და მათ თავმოკვეთილ სხეულთა შორის გავლისას ამაყად წარმოთქვა: „მე შევასრულე მეფური საქმეო”; სადაც მონობაში მყოფ გენიალურ ძველ რომაელ ფილოსოფოსს – ეპიქტეტეს (რომლის ლექციებსაც ხშირად უსმენდა იმპერატორი ტრაიანეც კი) მისმა პატრონმა მხოლოდ და მხოლოდ გართობის მიზნით მოსტეხა ფეხი; სადაც რომის იმპერატორმა ავგუსტუსმა თავისი მოსამსახურე იმისათვის გააკრევინა გემის ანძაზე,რომ მან უნებართვოთ შეჭამა მწყერი; სადაც „სიტყვის ჯადოქრად” წოდებული მარკუს ტულიუს ციცერონის მოკვეთილი თავი „დამოკლეს მახვილის” მსგავსად ეკიდა ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში სენატში განთავსებული იმ ტრიბუნის თავზე,საიდანაც ათწლეულების განმავლობაში გამოდიოდა იგი შთამბეჭდავი სიტყვით; სადაც მიზანთროპმა კალიგულამ ქურდობაში სრულიად უდანაშაულოდ ბრალდებულ ქვეშევრდომს მოსჭრა ხელები,მოკვეთილი ხელები ჩამოჰკიდა კისერზე და აიძულა,ეტრიალა მაგიდის ირგვლივ სტუმრების გასართობად; სადაც კალიგულამ სენატორები და სხვა მაღალი თანამდებობის აიძულა – ტოგაში გამოწყობილებს მისი ეტლის უკან ერბინათ რამდენიმე ათას ნაბიჯზე; სადაც ტიტუს მაქციუს პლავტუსის გადმოცემით,მონებს დაუზოგავი ცემისაგან ვირივით სქელი და ჯიქივით ზოლიანი ტყავი გააჩნდათ; სადაც შიმშილით სული სძვრებოდა ათიათასობით ადამიანს და პენსია ჰქონდათ დანიშნული დოღის მობერებულ ცხენებს; სადაც ვენერას ტაძარს მიცვალებულთა დასაკრძალავად ჰყავდათ სპეციალური გასაქირავებელი მონები – ლიბიტინები,რომელნიც ასრულებდნენ დაკრძალვასთან დაკავშირებულ მთელ სამუშაოს; სადაც „თორმეტი დაფის კანონი” კრედიტორს უფლებას აძლევდა,ვალის გადაუხდელობის შემთხვევაში არა მხოლო მოეკლა მოვალე,არამედ აეკუწა მისი გვამი იმდენ ნაჭრად,რამდენი კრედიტორის ვალიც ემართა უბედურს; სადაც დამშვიდებული სინდისით სპობდნენ თანამოქალაქეების სიცოცხლეს და გვამებს მდინარე ტიბრში გოგრის ნაჭრებივით ისროდნენ; (ავტორი გენია.ჯი) სადაც ცირკში უფლებააყრილ ადამიანებს ქალაქის არისტოკრატიის გასართობად,ალაყაფის კარებზე აბამდნენ ძაღლის მაგიერ; სადაც თეატრზე უზომოდ შეყვარებულ შეშლილ ნერონს,მსახიობ-იმპერატორს, 5 000 სპეციალური „ტაშისდამკვრელი” დაჰყვებოდა ამა თუ იმ თეატრალური წარმოდგენის დროს; სადაც…
თუმცა,ამავე დროს,რომი იყო ქალაქი,სადაც ჯერ კიდევ პირველ საუკუნეში სახლების მაქსიმალური სიმაღლე იმპერატორმა ავგუსტუსმა 20 მეტრით განსაზღვრა; ცენტრალურ მოედანზე – ფორუმზე მიწაში ჩასობილი მანძილის აღმნიშვნელ,ოქროში დაფერილ ქვიდან იწყებოდა უნიკალური რომაული საგზაო მაგისტრალები ყველა მიმართულებით; სადაც რომის იმპერიის არსებობის ჟამს მილიონი მცხოვრები სახლობდა; სადაც „მარადიული ქალაქი” გარშემორტყმული იყო აგურის მაგარი გალავნით. (ავტორი გენია.ჯი) ამ გალავანზე აგებული 383 კოშკით,რომლებშიც დატანებული გახლდათ 17 კარები; სადაც კონსტანტინე დიდის დროს 423 ქუჩა არსებობდა; სადაც III-IV საუკუნეებში 46 602 საცხოვრებელი სახლი იდგა; სადაც 1 790 ძვირფასი სასახლე, 423 ტაძარი, 856 აბანო, 19 დიდი წყალსადენი, 1 352 წყალსაცავი (აუზი), 8 ხიდი, 36 თაღი, 28 ბიბლიოთეკა (როგორც კერძო,ასევე სახელმწიფო) ფუნქციონირებდა; სადაც პირველი სახელმწიფო ბიბლიოთეკა აზინიუს პოლიონმა დააარსა ძვ.წ.აღ-ით 38 წელს; სადაც ერთობ ფართოდ იყო გავრცელებული წიგნის ვაჭრობა,მუშოაბდნენ გამომცემლობები (ცნობილი ძველრომაელი გამომცემლები გახლდნენ – სოზიუსი,ტრიფონი და ატიკი); სადაც არსებობდა „დიდი ცირკი”,რომელიც თავდაპირველად 150 000 კაცს იტევდა,ხოლო გაფართოების შემდეგ კი – 400 000-მდე; სადაც ყველაზე დიდი დატვირთვით მუშაობდა 70 000 ადამიანზე გათვლილი „გლადიატორთა სასაფლაოდ” წოდებული – ამფითეატრი; სადაც მოედინებოდნენ მსოფლიოს ყოველი კუთხიდან; სადაც მოღვაწეობდნენ ისეთი ტიტანები,როგორებიც გახლდნენ – მარკუს ავრელიუსი, მესტრიუს პლუტარქე, მარკუს ტერენციუს ვარონი, პლინიუს უფროსი, ავლუს კორნელიუს ცელსუსი, აპულეუსი, მარკუს ტულიუს ციცერონი, ლუციუს ანეუს სენეკა, ეპიქტეტე და სხვები; სადაც… – (ავტორი გენია.ჯი)