მოკლე ფაქტები ლიტერატორთა ბიოგრაფიებიდან…
1. „ყველაზე ახირებული, ყველაზე კოხტა, ყველაზე ქარაფშუტა, ყველაზე პრანჭია ქმრებზე მონადირე პეპელა, რაც კი ოდესმე მინახავსო”. – ასეთი ეპითეტით შეამკო ვიქტორიანული ეპოქის თვალსაჩინო ინგლისელი მწერალი ქალი და სატირიკოსი - ჯეინ ოსტინი (1775-1817 წლები) მისის მიტფორდმა.გარდა ამისა, ოსტინს თავისი ბუნებიდან გამომდინარე უწოდებდნენ – კაპასს, პედანტს, სიტყვაძუნწსა და ცეცხლის საჩხრეკ რკინას, რომლისაც ყველას ეშინოდა. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
2. ერთობ ცუდი მეხსიერების მქონე გენიალური ფრანგი მწერალი, ფილოსოფოსი და თანამედროვე ესეს ჟანრის ფუძემდებელი – მიშელ დე მონტენი (1533-1592 წლები), წიგნს ერთ საათზე მეტი ხნის განმავლობაში არასოდეს არ კითხულობდა.
* * *
3. როგორც მრავალი წყარო მოწმობს, დიდი ირლანდიელი მწერალი და საზოგადო მოღვაწე – ჯონათან სვიფტი (1667-1745 წლები), ერთობ ძუნწი პიროვნება ყოფილა. ირლანდიელ ლიტერატორს არაერთხელ აღუშფოთებია ლორდები თავისი მომჭირნეობით, როდესაც ისინი მასთან სახლში სადილობდნენ. გარდა იმისა, რომ ფინანსურად წელში გამართული სვიფტი კარეტით მგზავრობისას ყოველთვის ცდილობდა ნახევარი პენიც კი დაეზოგა, მას ასევე ბუხარში შესაყრელად და გასათბობად ნახშირის გამოყენებაც კი ენანებოდა.
* * *
4. „ყველაფერი, რაც კი დამიწერია და შემიქმნია, მივუძღვენი ქართველი ერის მომავალ თაობებს, იმ შორეულ ყმაწვილებს, რომლებიც იცხოვრებენ გაცილებით უკეთესად, ვიდრე მათ წინაპართ უცხოვრიათ”. – ასეთი განცხადება გააკეთა სიცოცხლის უკანასკნელ ეტაპზე მყოფმა პირველმა ქართველმა ბანოვანმა რომანისტმა ქალმა – ანასტასია ერისთავი-ხოშტარიამ (1868-1951 წლები).
* * *
5. ინგლისელი ავტორი ისეთი გენიალური ეპისტოლარული ქმნილებისა, როგორიც გახლავთ – „წერილები ვაჟიშვილს” – ფილიპ დორმერ სტენჰოპ ჩესტერფილდი (1694-1773 წლები), არასოდეს იცინოდა. იგი მხოლოდ და მხოლოდ იღიმებოდა. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
6. „არმაზის ქურუმად” წოდებული დიდი ქართველი მწერალი და ქართული ისტორიული რომანის ერთ-ერთი ფუძემდებელი - ვასილ ბარნოვი (1856-1934 წლები) ამბობდა: „ჩემი მოვალეობაა ერს მივცე, რის მიცემაც შემიძლია”-ო.
* * *
7. გამოჩენილი ქართველი მწერალი, დრამატურგი და საქართველოს სახალხო არტისტი - შალვა დადიანი (1874-1959 წლები), თავის ლიტერატურულ ქმნილებებს – „კალმის ნაეშმაკარს” და „კალმის ნაცუღლუტარს” უწოდებდა.
* * *
8. გამოჩენილ ქართველ მწერალ ქალსა და საზოგადო მოღვაწეს – ეკატერინე გაბაშვილს (1851-1938 წლები) 1911 წლიდან, ანუ მას შემდეგ, რაც მისი სამწერლო მოღვაწეობის 40 წლის იუბილე იქნა საზეიმოდ აღნიშნული – „ბედნიერი მანდილოსანი” უწოდეს.
* * *
9. ლორდი ექტონი საჯაროდ აცხადებდა, რომ დანტე ალიგიერზე ბევრად უფრო დიდი ლიტერატორი, ინგლისელი მწერალი ქალი – ჯორჯ ელიოტი (1819-1880 წლები) გახლდათო. თუმცა აქვე უნდა გავითვალისწინოთ ის გარემოებაც, რომ ლორდი ექტონი ელიოტის სიძე გახლდათ. გამოჩენილმა ინგლისელმა ფილოსოფოსმა და ევოლუციონიზმის ერთ-ერთმა ფუძემდებელმა – ჰერბერტ სპენსერმა კი, რომელიც ელიოტის რომანებს რომანებად სულაც არ მიიჩნევდა, ლონდონის ბიბლიოთეკიდან ჯორჯ ელიოტის ყველა ლიტერატურული ქმნილება გამოაძევა.
* * *
10. პოლონური წარმომავლობის მქონე გამოჩენილი ინგლისელი მწერლის – ჯოზეფ კონრადის (1857-1924 წლები) შესახებ მისი თანამედროვეები ამბობდნენ, რომ იგი ერთობ მედიდური პიროვნება იყო და საკუთარი ხმის მოსმენა უფრო სიამოვნებდა, ვიდრე ტანჯული კაცობრიობისაო. – (ავტორი გენია.ჯი)