მიხეილ ჯავახიშვილის შესახებ…
„რა საოცარია ეს ხალხი,რა საჭიროა ფანჯრებზე ფარდების ჩამოშვება.ფანჯრები უნდა მეტწილად ღია იყოს,რაც შეიძლება მეტი სინათლე მოგდიოდეს,მეტი ჰაერი,სიგრილე.ამ მხრივ როგორ გვჯობიან ჩიტუნები: შებინდებისას ტოტებსა და ტოტებს შუა იმალებიან,მაგრამ ბუნების სურნელებით მაინც სუნთქავენ..” – ასე განუცხადა დიდმა ქართველმა მწერალმა და გულმხურვალე მამულიშვილმა – მიხეილ ჯავახიშვილმა (1880-1937 წლები) ცნობილ ქართველ მწერალს – დავით კასრაძეს ერთ-ერთი დიალოგისას. 1924 წელს, „ჯაყოს ხიზნების” გამოქვეყნების შემდეგ ლიტერატორი ამბობდა,რომ აღნიშნულმა ნაწარმოებმა გარდა აუარება მკითხველისა,აუარება დამაწყევარიც გამიჩინაო.კრიტიკაში ბევრი მაქებდა და ბევრი მაძაგებდაო.ის კი არა და,ზოგიერთებმა მწერალს ისიც კი უთხრეს,თუ გინდა,რომ ძველებურად მიგიღოთ და გულთბილად მოგეპყროთ,შენი შემოქმედებიდან – ჯაყო ამოშალეო.ჯავახიშვილი კი პასუხობდა: „კალმით დაწერილს ნაჯახით ვერ ამოჭრი.მე ყველაფერს დავთმობ,მაგრამ „ჯაყოს ხიზნებსა” და „თეთრ საყელოს” ვერავინ გამამეტებინებსო”.
ნიშანდობლივია ის გარემოებაც,რომ მიხეილ ჯავახიშვილის სახლის კედლები მოჩითული გახლდათ ავტორის ნაწარმოებების გმირების სურათებით.თვითმხილველთა გადმოცემის თანახმად,მწერლის სახლში შესულს თვალში უცილობლად გეცემოდათ სურათი,რომელზედაც ნათლად იყო გამოსახული „ჯაყოს” ველური გამომეტყველება.იქვე განთავსებული ჰქონია – „ლამბალო და ყაშა”, „თეთრი საყელოს” გმირები.გარდა ამისა,ჯავახიშვილის სურათების გალერეადან თვალს იპყრობდა ლადო გუდიაშვილის რამდენიმე ესკიზი და გენიალური ქართველი მხატვრის – გიგო გაბაშვილის ფერწერული ტილო – „მოქალაქე”.ცნობილია,რომ მიხეილი ყოველთვის დიდი პატივით იხსენიებდა გიგოს და ხშირად გულმოკლული შენიშნავდა: ჩვენში საკმარისად არ ესმით და არც უნდა იცოდნენ,რა ძლიერ ძალას წარმოადგენს გიგო გაბაშვილიო. – (ავტორი გენია.ჯი)