ხოსე დე რიბერა – „ქალების დუელი”
„ქალების დუელი” – წარმოადგენს იტალიაში მოღვაწე ბაროკოს ეპოქის დიდი ესპანელი მხატვრისა და სახვით ხელოვნებაში კარავაჯიზმის მიმდევრის - ხოსე დე რიბერას (1591-1652 წლები) მიერ ტილოზე ზეთის საღებავების გამოყენებით დახატულ შესანიშნავ ისტორიულ სურათს,რომელიც ავტორის მიერ 1636 წელს იქნა შექმნილი შეკვეთის საფუძველზე. (ავტორი გენია.ჯი) ტილოს სიმაღლე – 235 სანტიმეტრია,ხოლო სიგანე – 212 სანტიმეტრი.როგორც ცნობილია,ხოსე დე რიბერამ,რომელსაც თიკუნად – „სპანიოლეტო”,ანუ „პატარა ესპანელი” უწოდეს,რელიგიურ თემატიკაზე შექმნილი ნამუშევრებით გაითქვა სახელი.თუმცა კი, „ქალების დუელი” არა რელიგიურ,არამედ ისტროიული ჟანრის ნამუშევარს განეკუთვნება და იგი წარმოადგენს რომის ისტორიის შესახებ დახატული სურათების ციკლიდან ერთ-ერთ მათგანს.ცნობისათვის,აღნიშნულ ციკლზე გარდა რიბერასი,მუშაობდნენ ისეთი სახელოვანი სხვა მხატვრებიც,როგორებიც გახლდნენ – ჯოვანი ლანფრანკო და დომენიკინო.
ისტორიული ფაქტია,რომ 1552 წელს ნეაპოლში ერთობ არაორდინარულ და ლეგენდარულ მოვლენას ჰქონდა ადგილი: ორი ახალგაზრდა დიდგვაროვანი სინიორა – ისაბელ დე კარაცი და დიამბა დე პეტინელა საყვარელი მამაკაცის – ფაბიო დე ძერესოლას გამო ერთმანეთს დუელში შეება.ამ უცნაურ დუელს სხვათა მსგავსად თვალი მიადევნა საღვთო რომის იმპერატორის – კარლ V-ეს მხარდამჭერმა იტალიელმა არისტოკრატმა – ალფონსო დ’ავალოსმაც.შეყვარებული მანდილოსნისათვის გამართული დუელი იმ პერიოდში ჩვეულებრივი მოვლენა გახლდათ,ხოლო შეყვარებული მამაკაცისათვის გამართული დუელი კი პირიქით,ძალიან დიდ იშვიათობას წარმოადგენდა,რამაც თავის მხრივ,ნეაპოლელებში დიდი მღელვარება და ინტერესი გამოიწვია. (ავტორი გენია.ჯი) ცნობილია ისიც,რომ XVI საუკუნეში დუელი,როგორც წესი,სეკუნდანტების თანდასწრებით იმართებოდა,ორ სინიორას შორის გამართული დუელი კი რეალობაში უფრო ანტიკური ხანის გლადიატორთა ბრძოლას მოგვაგონებდა.
რიბერას მიერ კლასიკურ სტილში სურათზე გამოსახული ორთაბრძოლის კომპოზიცია,ისევე როგორც ავტორის სხვა ტილოებზე ასახული კომპოზიციები,რამდენადმე გამოცანის შემცველია.მაგალითად,უცნობია,თუ,რატომ გამოიყვანა მხატვარმა სეკუნდანტის როლში მარკიზი,ან რატომ ადევნებს თვალს დამსწრე საზოგადოება ასე მშვიდად მათ წინაშე ორი ახლაგაზრდა ქალის მიერ გამართულ სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლას.გარდა ამისა,დაუდგენელია ისიც,თუ,რატომ ასახა სურათზე მხატვარმა შეიარაღებული ადამიანები.თავის მხრივ,ხელოვნებათმცოდნეები ესპანელი დიდოსტატის ნამუშევარს თავისებურ ინტერპრეტაციას უწევენ და აღნიშნავენ,რომ სურათზე ალეგორიული სახით არის ასახული სიკეთისა და ბოროტების ბრძოლა,სადაც სიკეთემ მოწინააღმდეგეზე დაუნდობელ ბრძოლაში მოიპოვა გამარჯვებაო.დღესდღეობით,ხოსე დე რიბერას ტილო – „ქალების დუელი” დაცულია მადრიდში განთავსებულ პრადოს მუზეუმში და როგორც ამბობენ,იგი პრადოს მუზეუმის ყველაზე ამაღელვებელი სიუჟეტის მქონე ექსპონატს წარმოადგენს. – (ავტორი გენია.ჯი)
ხოსე დე რიბერა