ვიქტორ-მარი ჰიუგო წერდა…
„ერთი რჩევა ქალებო: არამცა და არამც არ გათხოვდეთ.გათხოვება მყნობაა,ხან იხარებს,ხან ვერა.უფრო ხშირად ვერა ხარობს,მაშ გაფრთხილდით,ერიდეთ… მაგრამ რას ვჩმახავ? ვის ეყურება ჩემი? ყველა ქალს ერთი განუკურნებელი სენი სჭირს – გათხოვების სურვილი და რაც უნდა ვურჩიოთ ჩვენ,ცხოვრების მიერ გამობრძმედილებმა,მაინც ვერ დავუშალით უბრალო მკერავსაც,რომ თვალმარგალიტის პატრონს ნატრობდეს ქმრად.აგრე იყოს,ოღონდ ეს დაიხსომეთ ლამაზმანებო: ძალიან ბევრ ტკბილს მიირთმევთ.ერთადერთი წუნი გჭირთ,ქალებო,სიტკბოებით ვერ გამძღარხართ.ოი,მღრნელთა სქესო,თქვენ მარგალიტის კბილთ შაქრის ხრამუნი უყვართ.ჰოდა იცოდეთ,შაქარი მარილია,ყველა მარილი გამშრობია სისხლისა და ყველა მარილზე მეტად შაქარი გაგიშრობთ სისხლს.სისხლსა სწოვს,სისხლს ადედებს,ახმობს და უძრავად ჰყოფს.აქედან გამომდინარეობს ჭლექი და სიკვდილი,შაქრის ავადმყოფობა ხშირად ჭლექით თავდება.მაშასადამე,აგრე ხარბად ნუ აკნატუნებთ შაქარს და დიდხანს იცოცხლეთ.ახლა ყმაწვილებს მივმართავ.გაიმარჯვეთ,ყმაწვილებო! ერთი ერთმანეთს წაართვით საყვარლები და გაიხარეთ.არას შესცოდებთ,მერწმუნეთ, და თქვენც გაიხარებთ და წართმეულნიც.სიყვარულმა მეგობრობისა არა იცის-რა.საცა ლამაზ ქალსა ვნახავ,ციხედ მიმაჩნს ასაღებად და მისი პატრონი ვაჟკაცი – მტრად,მოსისხლედ,დაუნდობლად.ბრძოლას ვუწყებ,ბრძოლას გაშმაგებულსა.იმიტომ რომ… რა არის ლამაზი ქალი,თუ არა საბაბი ომისა? გადახედეთ ისტორიას.ყოველივე ომი და ხალხთა შორის შებრძოლება ლამაზი ქალის გამო იყო და იქნება.ქალი უფლებაა კაცისა.რომაელებმა საბინელებს მოსტაცეს ქალები,ვილჰელმმა – საქსონელებს,კეისარმა – რომაელებს.ვაჟკაცს სიყვარული უნდა,თუ არა და ქორივით გახელებული დაძრწის და სხვის საყვარლებს უმიზნებს.მე რომ მკითხოთ,ნაპოლეონის პროკლამაციის სიტყვებით მივმართავდი ყველა კაცს,რომელიც ქვრივად დადის,უბედურად.გახსოვთ ეს სიტყვები: „ჯარისკაცნო,თქვენ ყოველივე გაკლიათ.მტერს ყოველივე აქვს”. – (ავტორი გენია.ჯი)