ოთარ ჭილაძე – „შექსპირი”
ფრთხილად – ცხოვრება იწყება ასე
აჰა,დაიწყო და დღეის იქით,
სისხლით და ცრემლით გაჟღენთილ გზაზე
შენს წაქცევასაც ეცდება იგი
* * *
ფრთხილად! – სუსტია ადამიანი,
მალე ერევა შური და ღვარძლი
და არ დაგითმობს მაინც მთლიანად
შენთვის განკუთვნილ დროსა და მანძილს.
* * *
ფრთხილად! – დამალე შიშიც და ზიზღიც
და გატრიალდი… ან რაღას უცდი,
თუკი არ გინდა რომ კაცის სისხლზე
დაგისხლტეს ფეხი,ჯერ კიდევ სუსტი.
* * *
ხედავ – სინათლე ძლივსღა ციმციმებს,
ხოლო ვეება ლანდი იუდის
აწვება ქალაქს რკინის სიმძიმით,
რკინის სიცივით და სიჯიუტით.