ოთარ ჭილაძე – „ბავშვობა ერთი ბოლოა თოკის…”
ბავშვობა ერთი ბოლოა თოკის
და თვითონ უნდა მიაბა იგი
მიწას,
რომელზეც გინდა რომ მოკვდე,
როდესაც მოვა სიკვდილის რიგი.
* * *
საქმე ისაა,როგორ მიაბამ,
როგორ გამოთვლი გასავლელ მანძილს,
რომ არ შეფასდეს მერე იაფად
შენივე ხელით შეკრული კვანძი.
* * *
როგორ მივაბი,არ მახსოვს კარგად,
მაგრამ ის თოკი გრძელდება დღემდე
და ჯერ არაფრის იმედს არ კარგავს,
ამდენი ქარის და წვიმის შემდეგ.
* * *
ამდენი ქარის და წვიმის შემდეგ,
თავისით გაქრა ბევრი სურვილი,
ბევრჯერ შევასკდი გულსა და კედლებს,
უმისამართოდ ნასროლ ჭურვივით.
* * *
სამაგიეროდ,მეც განმიცდია,
რასაც განიცდის ყველა მოკვდავი,
როცა შემოდის სულში მინდია -
ყველაფრის მცოდნე და საცოდავი.
* * *
და ვიცი,რატომ უნდა მიყვარდეს
ჩემი მტანჯველი და ძნელი გზები,
რომლებიც ალბათ იქ მიმიყვანენ,
სადაც ჩემამდე მისულან სხვები.
* * *
მაგრამ თუ მეყო დროც და მანძილიც
და მოვუნახე სულს სასთუმალი -
მოვკვდები,როგორც ქვეყნის ნაწილი
და არა – წუთისოფლის სტუმარი.