საინტერესო დეტალები რაფაელ სანტის ბიოგრაფიიდან…

უმბრიული სამხატვრო სკოლის დიდებულ წარმომადგენელსა და მაღალი რენესანსის ეპოქის ნატიფ ხელოვანს - რაფაელ სანტს (1483-1520 წლები) დედა – მარჯი ჩარლა ჯერ კიდევ 8 წლის ასაკში ყოფნის პერიოდში გარდაეცვალა. (ავტორი გენია.ჯი) მოგვიანებით,მისი უნაკლო გამოსახულება რაფაელო სანციომ (სანტის ნამდვილი სახელი) მამის – ჯოვანი სანტის მიერ შესრულებულ შესანიშნავ ფრესკაზე იხილა.აღნიშნული ფრესკის ხილვამ დედის სითბოს,ალერსსა და სიყვარულს დანატრებული ობოლი მოზარდის არა მხოლოდ ცნობიერებაზე იქონია უდიდესი გავლენა,არამედ და მის შემდგომ ცხოვრებაზეც კი.სწორედ ეს გახლავთ უმთავრესი მიზეზი იმისა,რომ იტალიელი ტიტანის მიერ დახატული 200-მდე ტილოდან უმეტეს მათგანზე „დედაღვთისაა” უფაქიზეს,გრაციოზულ ტონებში გამოსახული.სანტმა თავისი უკვდავი „მადონების” ასახვით ეცადა გადმოეცა ის კეთილშობილი სახე საკუთარი დედისა,რაც მას ბავშვობიდან ახსოვდა.რაფაელის მაგიური „მადონები” იმდენად ხიბლავდა მოკვდავთ,რომ გაქნილი კრიტიკოსებიც კი ვერ მალავდნენ თავიანთ აღტაცებას მათ წინაშე.ლოტარგიის ჰერცოგი – ფერდინანდ III იმდენად იყო შეყვარებული თავის მფლობელობაში მყოფ იტალიელი გენიოსის ერთ-ერთ ტილოზე – „მადონა ყრმით”,რომ მას გვერდიდან არასოდეს არ იცილებდა.სადაც არ უნდა წასულიყო ფერდინანდი,სანტის შედევრი-ქმნილება ყველგან თან მიჰქონდა.აკი ერთხელ აღიარა კიდეც – „რაფაელის სურათზე თვალის ერთი შევლებაც კი განუზომელ სულიერ განტვირთვას მგვრისო”.

რაფაელის მშობლებმა იმ პერიოდის ურბინოში დამკვიდრებულ ტრადიციას გვერდი აუარეს და თავიანთი ვაჟის აღზრდა საკუთარ თავზე აიღეს.შესაბამისად,პატარა რაფაელი არასოდეს მიუბარებიათ აღსაზრდელად არც ძიძისათვის და არც მოსამსახურეებისათვის,რაც ერთობ ცუდ ტონად იქნა მიჩნეული ტრადიციის მიმდევარ ურბინოელებში.ჯოვანი სანტი (რაფაელის მამა) არა მხოლოდ ბრწყინვალე მხატვარი,დეკორატორი და პოეტი იყო,არამედ ძალიან ერუდირებული პიროვნებაც გახლდათ.მან არა მხოლოდ დიდებული განათლება გადასცა თავის ვაჟს,არამედ პირველმაც აზიარა იგი სახვითი ხელოვნების მწვერვალებს.ის რომ,პატარას ხატვის გასაოცარი ნიჭი გააჩნდა,გონიერმა ჯოვანიმ უმალვე დაასკვნა და, როდესაც გაათვითცნობიერა,რომ ვაჟს მეტს ვეღარაფერს შეასწავლიდა,ბავშვი პერუჯაში მცხოვრებ იმ პერიოდისათვის ყველაზე სახელგანთქმულ მხატვარს – პიეტრო პერუჯინოს მიაბარა სახვითი ხელოვნების შესასწავლად. 11 წლის ასაკში რაფაელს მამაც გარდაეცვალა (დღეისათვის ჯოვანი სანტის რამდენიმე სურათი დაცულია ლონდონის ეროვნულ გალერეასა და ბერლინის სახელმწიფო მუზემში).საბოლოოდ დაობლებულმა სანტმა ამ ტრაგიკული მოვლენის შემდგომ იტალიის აღმოსავლეთში განთავსებულ მშობლიურ ქალაქ ურბინოში სტუმრობა კვლავაც ძველებურად განაგრძო. (ავტორი გენია.ჯი) ამას ხელს უწყობდა ჰერცოგინია ელისაბედ გონზაგას სასახლის კარზე ხელოვანი და ინტელექტუალი ადამიანებისათვის შექმნილი სასიამოვნო ატმოსფერო.შეიძლება ითქვას,რომ იმ პერიოდისათვის ელისაბედის სასახლე რენესასნსის ეპოქის ერთგვარ კულტურულ ცენტრად ჩამოყალიბდა,სადაც სანტის გენიას განსაკუთრებით უფრთხილდებოდნენ. 17 წლის ასაკში რაფაელი უკვე საყოველთაოდ აღიარებული მხატვარი იყო.იგი მონაწილეობას იღებდა ტაძრების მოხატვაში და იღებდა კერძო შეკვეთებს.მას შემდეგ,რაც მუდამ ახლის ძიებაში მყოფმა ხელოვანმა შეიტყო,რომ ფლორენციაში მხატვართა დიდებულ კოჰორტას ჰქონდა დავანებული,პერუჯინოს გამოემშვიდობა და გეზი ამ ულამაზესი ქალაქისაკენ აიღო.ლეონარდო და ვინჩისთან დამეგობრებულმა რაფაელმა სწორედ ფლორენციაში მოღვაწეობის ჟამს შექმნა 42 ტილო,რომლებზედაც დედური სითბოთი აღვსილი სახით წარმოგვიდგინა მისი შემოქმედებისათვის დამახასიათებელი უკვდავი „მადონები”. 1508 წელს რომის პაპის – იულიუს II-მიწვევით რომს ეწვია,რა დროსაც მოხატა ვატიკანის სასახლის დარბაზები და შექმნა თავისი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფრესკა – „ათენის სკოლა”.საყურადღებოა ის გარემოება,რომ,როდესაც რაფაელმა პირველად აჩვენა აღნიშნული ფრესკის ესკიზი იულიუსს,რომის პაპი იმდენად აღაფრთოვანა სანტის ნამუშევარმა,რომ უმალვე გასცა ბრძანება,კედელი,რომელზედაც მანამდე სხვა მხატვრის მიერ გაკეთებული ფრესკა იყო აღბეჭდილი,წაეშალათ,რათა მასზე რაფაელს„ათენის სკოლა” გამოესახა.

იტალიელ გენიოსს,რომელიც აღმერთებდა ლეონარდო და ვინჩისა და მიქელანჯელოს,ისევე როგორც სხვა მამაკაცებს,უყვარდა მუსიკა,კარგი ჩაცმა-დახურვა,სუსტი სქესის წარმომადგენლები… არც მანდილოსნები იყვნენ გულგრილნი და ისინიც ხშირად იჩენდნენ ყურადღებას სანტის მიმართ.დიდებულთა მრავალი ოჯახი ნატრობდა სანტის სიძეობას,მაგრამ,რადგანაც ხელოვანი კარდინალობაზე ოცნებობდა,ქორწინებას მაქსიმალურად არიდებდა თავს. (ავტორი გენია.ჯი) მიუხედავად ამისა,იტალიელი გენიოსის ცხოვრებაში მაინც გამოჩნდა ქალი,რომელიც მის მუზად და შთაგონებად იქცა.მარგარიტა ლუტი,იგივე – ფორნარინა – აი,ლეგენდად ქცეული სახელი,რომელმაც დაიპყრო რაფაელი… ქალი,რომლის სახეც სამარადჟამოდ აღბეჭდა განუმეორებელ „სიქსტეს მადონზა”-ზე.

იტალიელმა ბანკირმა – აგოსტინო კიჯიმ თავისი მეგობარი – რაფაელი ფარნეზინოს სასახლის მოსახატად მიიწვია.ერთ-ერთი ფართოდ გავრცელებული ისტორიის თანახმად,მარგარიტაზე უზომოდ შეყვარებული სანტი მანამ ვერ უდებდა გულს სამუშაოს,სანამ აგოსტინომ ფორნარინა არ ჩამოუყვანა.ქალი მანამ დატოვა კიჯიმ საკუთარ სასახლეში,ვიდრე მასზე შეყვარებულმა მამაკაცმა მასზედ დაკისრებულ ამოცანას თავი ბოლომდე არ გაართვა.მარგარიტა ლუტის ირგვლივ რამდენიმე საინტერესო ვერსიაა გავრცელებული.ერთი ვერსიის თანახმად,ულამაზესი მარგარიტა მხატვარმა მშობლებისაგან 3 000 ოქროდ იმ დროს შეიძინა,როდესაც გოგონა უკვე დანიშნული იყო და ქორწინებისთვის ემზადებოდა.არსებობს ცნობები იმის შესახებაც,რომ ფორნარინა რომის ყველაზე ცნობილი კურტიზანი ქალი იყო და რომანები გააჩნდა არა მხოლოდ რაფაელის მოწაფეებთან,არამედ მის მეგობართან – აგოსტინო კიჯისთანაც კი.მესამე ვერსია კი ირწმუნება,რომ წყვილი სიკვდილამდე ერთგული იყო ერთმანეთის და დანიშნულებიც იყვნენო.ამ ვერსიას ამყარებს რამდენიმე ხნის წინ სანტის შექმნილ ტილოზე – „ფორნარინა”-ზე გადაღებული რენტგენის ანალიზი,სადაც კარგად ჩანს მარგარიტას თითზე გაკეთებული ლალისთვლიანი ბეჭედი,რომელიც რაფაელს ოდესღაც გადაუცია საყვარელი ქალისთვის,როგორც სიმბოლო ქორწინებისა.ნიშანდობლივია ისიც,რომ მონასტერში იძულების წესით გამწესებული მარგარიტას გარდაცვალების შემდგომ იგი მონასტრის წიგნში მოხსენიებულია,როგორც – რაფაელის ქვრივი.

მკვლევარების მტკიცებით, 37 წლის ასაკში მყოფი რაფაელ სანტი 1483 წლის 6 აპრილს მშობლიურ ურბინოში გარდაიცვალა რომაული ციებ-ცხელების შედეგად.მის საფლავზე კი შემდეგი სახის ეპიტაფია იქნა გაკეთებული: „აქ განისვენებს დიდი რაფაელი,რომლის სიცოცხლეშიც ბუნებას ეშინოდა დამარცხების,ხოლო მისი სიკვდილის შემდგომ,ბუნებას გარდაცვალების ეშინია”. – (ავტორი გენია.ჯი)

მარგარიტა ლუტი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>