ლეგენდები თეთრყვავილას შესახებ…
კაცობრიობა დღემდე დარწმუნებულია,რომ ამარილისებრთა ოჯახის პატარა ზომის მქონე მრავალწლოვანი ბოლქვიანი მცენარე – თეთრყვავილა,რომელიც განსაკუთრებული სიმრავლით კავკასიის რეგიონშია გავრცელებული,სხვა ყვავილებზე ადრე გაჩნდა ჩვენს პლანეტაზე. (ავტორი გენია.ჯი) გენიალური ძველბერძენი პოეტი – ჰომეროსი „ცოდვილი ევას მანუგეშებლად” წოდებულ თეთრყვავილას მაგიურ თვისებებში ღრმად იყო დარწმუნებული და იგი თავის უკვდავ ქმნილებაში – „ოდისეა”-შიც კი მოიხსენია.შეგახსენებთ,რომ ჰომეროსის პოემაში სწორედ აღნიშნული მცენარე გადასცა ოდისევსს საჩუქრად ღმერთების ნების მაცნე ვაჭრობის ღმერთმა – ჰერმესმა და სწორედ აღნიშნული მცენარის საშუალებით იცავდა იგი ბოროტი ჯადოქრის მაგიისაგან ჰელიოსისა და პერსეს ასულს – კირკეს.შესაბამისად,თეთრყვავილას შესახებ იმთავითვე ფართოდ იყო გავრცელებული მრავალი ლეგენდა.მათ შორის არა მხოლოდ პოზიტიური შინაარსის მქონე.მაგალითად,ძველად დიდ ბრიტანეთში მოარული მითის წყალობით იგი დიდი ხნის განმავლობაში სიკვდილთან ასოცირდებოდა.თუმცა ეს წარმოდგენა დროთა განმავლობაში შეიცვალა და 1984 წელს ნისლიან ალბიონზე თეთრყვავილას სახელობის დღესასწაულიც კი დააწესეს,რომელიც ყოველი წლის 19 აპრილს აღინიშნება.მრავალ ზღაპარში (მათ შორის ჰანს კრისტიან ანდერსენის ზღაპრებში) მოხსენიებული ამ ულამაზესი მცენარის შესახებ ასევე ფართოდ არის გავრცელებული ერთი სევდიანი და ლამაზი თქმულება: მას შემდეგ,რაც ედემიდან ღმერთმა ცოდვის ჩადენის გამო პირველი ადამიანები გამოაძევა,ადამსა და ევას საშინელ ქარსა და ყინვაში მოუხდათ გზის გაგნება.სასტიკ სიცივეს განსაკუთრებით ევაზე უმოქმედია.იმისათვის,რომ ქალს სასო არ წარეკვეთა,რამდენიმე თოვლის ფიფქი თეთრყვავილად გადაქცეულა,რამაც თავის მხრივ,ადრეული გაზაფხულის მოახლოების იმედი ჩაუსახა სამოთხიდან დევნილებს.მეორე ლეგენდის თანახმად კი,განრისხებულ ღმერთს სასოწარკვეთილი ევას ცრემლები უქცევია თეთრყვავილად.იმედის სიმბოლოდ ქცეული ყვავილების კულტივირება მოგვიანებით ამა თუ იმ ხალხებმა თავიანთი სახლების სიახლოვეს დაიწყეს და მას ავი თვალისაგან დასაცავადაც იყენებდნენ. – (ავტორი გენია.ჯი)