კოლაუ ნადირაძე – „შეახე ხელი”

მოდი, და როგორც ურწმუნო თომამ,

შეახე ხელი ამ ღრმა იარებს!

დარწმუნდი,დაჰგმე ეგ უნდობლობა

და ცეცხლით ცეცხლი გამიზიარე!

* * *

გამიზიარე,რომ კვალად ისევ,

მთელი ფესვებით აინგრეს გული,

სისხლით,ცრემლებით თასი ამივსე,

შემასვი – ეგებ დამიცხრეს წყლული!

* * *

ეგებ ხელახლა გადმექცეს ლხენად

მერცხლებით მოსვლა დღის მაისისა,

მწუხრის ჟამს ტყიდან შაშვების სტვენა

და მოხდილ ქვევრთან ჯამი ღვინისა!

* * *

რომ მთელი გრძნობით შევიცნო კაცი

ღირსად წოდების ადამიანის,

შესწევდეს ძალა სინდისის დაცვის,

არ იყოს ოღონდ ხელსისხლიანი!

* * *

ღმერთო,ნუთუ ეს ძნელია მეტად -

არ გჭირდებოდეს დახრა თვალების?!

გახსნილი შუბლით იარო ქვეყნად,

ფართოდ გაშლილი გქონდეს მკლავები?!

* * *

შემასვი! ეგებ შემერგოს შხამიც!

შხამით ხომ ზოგჯერ ჰკურნავენ ტკივილს!

ეგებ ვიამო დაღუპვის წამიც,

მადლობა ვუთხრა სიცოცხლეს განვლილს!

* * *

ვუთხრა მადლობა,რადგან დიდ წყურვილს

მიკლავდა იგი ჟამს უბედობის,

მირონს ასხამდა უწმინდეს სურვილს,

ჩემში რომ გაჩნდა და არ კვდებოდა!

* * *

ვუთხრა მადლობა ყველა იმისთვის,

რითაც დამსაჯა,რითაც მწყალობდა,

რომ ძმა ერთგული ვიყავი ძმისთვის,

და ეს სამყარო ჩემში გალობდა!

* * *

შემასვი! ეგებ შემერგოს შხამიც!

შხამით ხომ ზოგჯერ ჰკურნავენ ტკივილს!

ეგებ ვიამო დაღუპვის წამიც,

მადლობა ვუთხრა სიცოცხლეს განვლილს!

* * *

შემასვი! მე ხომ ავსილი თასის

მიყვარდა მუდამ შესმა ბოლომდე!

სახელს ამ ქვეყნის,სამოთხის მსგავსის,

მსურს სიკვდილის ჟამს ვიმეორებდე!

* * *

ო, ეგებ, ეგებ გადმექცეს ლხენად

მერცხლებით მოსვლა დღის მაისისა,

მწუხრის ჟამს ტყიდან შაშვების სტვენა,

და მოხდილ ქვევრთან ჯამი ღვინისა!

* * *

მოდი, და როგორც ურწმუნო თომამ,

შეახე ხელი ამ ღრმა იარებს!

დარწმუნდი,დაჰგმე ეგ უნდობლობა,

და ცეცხლით ცეცხლი გამიზიარე!

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>