ინკვიზიციის ისტორიიდან…
როგორც საყოველთაოდ არის ცნობილი,სასულიერო სამსჯავროს – „ინკვიზიციის” მსახვრალი ხელით განადგურებული,დასახიჩრებული და გაძევებული იქნა ერესსა და ურჯულოებაში დადანაშაულებული ათასობით ადამიანი. (ავტორი გენია.ჯი) საუკუნეების განმავლობაში ინკვიზიციის მსაჯულები დაბეჯითებით ირწმუნებოდნენ,რომ – ცოდვილების წამებას – სათნოების გამო მიმართავდნენ,რადგან მწვალებლები ძვალსა და რბილში გამჯდარი ცდომილებისაგან გაენთავისუფლებინათ და ჭეშმარიტების გზაზე დაეყენებინათ.მართლმსაჯულება ეკლესიიდან განკვეთილებს,რომელთაც დიდმა გერმანელმა მწერალმა – ლიონ ფოიხტვანგერმა – „ამოთხრილი ლერწმები” უწოდა,აუტოდაფეებზე ცოცხლად წვავდა.ის კი არა და, იმ შემთხვევაში,თუ ადამიანის მწვალებლობა სიკვდილის შემდეგ გამომჟღავნდებოდა,ცხედარს საფლავიდან ამოაგდებდნენ და მასაც წვავდნენ.თუ მწვალებელი გასამართლების შემდეგ გამოტყდებოდა,ჯერ ჩამოახრჩობდნენ და შემდეგ წვავდნენ.თუ გაიქცეოდა,მის გამოსახულებას წვავდნენ,ხოლო მსჯავრდებულის სახლ-კარს ან მიწასთან ასწორებდნენ,ან კიდევ კონფისკაციას უკეთებდნენ.ოფიციალური მონაცემების თანახმად,ინკვიზიციის მიერ დამწვარ თუ უმძიმეს სასჯელმიზღულ „დამნაშავეთა” საერთო რაოდენობამ მისი დაარსებიდან ესპანეთის მეფის – კარლოს IV-ის გამეფებამდე მარტო ესპანეთში – 348 907 ადამიანი შეადგინა. (ავტორი გენია.ჯი) მათ შორის იმყოფებოდნენ ებრაელები და მავრები.ინკვიზიციის „სარწმუნოებრივ აქტებად” წოდებულმა უსასტიკესმა ქმედებებმა სხვა მრავალ საღად მოაზროვნე ადამიანთან ერთად განსაკუთრებით აღაშფოთა გენიალური ფრანგი მწერალი და ფილოსოფოსი – შარლ დე მონტესკიე.მან თავისი ნაწარმოების ერთ-ერთ გმირს-ებრაელ გოგონას,რომელიც ინკვიზიციის მართლმსაჯულების წინაშე იყო წარმდგარი,მსაჯულებისათვის ერთობ მრავლისმეტყველი სიტყვით მიამართვინა:
„თქვენ მუსულმანებს ადანაშაულებთ,რომ მათ ხმლით გაავრცელეს თავიანთი სარწმუნოება: მაშ რატომ ავრცელებთ თქვენ თქვენსას ცეცხლით? თქვენი რელიგიის ღვთაებრიობის დასამტკიცებლად მრავალგზის იმოწმებთ მარტვილთა სისხლს.ამჟამად კი თქვენ თავად იკისრეთ დიოკლეტიანეს როლი და ჩვენ წამებულად გვაქციეთ.თქვენ მოითხოვთ,ჩვენ გავქრისტიანდეთ,თვით თქვენ კი ხელს იღებთ ამ ქრისტიანობაზე,გადაუდექით მას.თუკი ქრისტიანები აღარა ხართ,ისე მაინც მოიქეცით,რომ გაგაჩნდეთ ის ოდნავი სამართლიანობის გრძნობა,რომლითაც ბუნება უმდაბლეს არსებასაც კი აჯილდოებს.ერთი კი ცხადია: თქვენი მოღვაწეობა მომავალ მემატიანეს დაუდასტურებს,რომ ჩვენი დროის ევროპა ველურებითა და ბარბაროსებით იყო დასახლებული”. – (ავტორი გენია.ჯი)