პაოლო უჩელოს შესახებ…
ადრეული აღორძინების ხანის გენიალური იტალიელი მხატვრის – პაოლო უჩელოს (1397-1475 წლები) ნამდვილი სახელი გახლდათ – პაოლო დი დონო.როგორც ხელოვანის ბიოგრაფები გადმოგვცემენ,პაოლოს პატარა ღარიბული სახლი სავსე ყოფილა ფრინველების ფიტულებითა და ცხოველთა გამოსახულებებით,რის გამოც შეურქმევიათ კიდეც მისთვის – „უჩელო”,რაც თარგმანით – „ფრინველს” აღნიშნავს. (ავტორი გენია.ჯი) გარდა ამისა,ცნობილია ისიც,რომ უკიდურეს სიღატაკეში მაცხოვრებელ გენიოსს ფაუნის წარმომადგენლების შენახვის საშუალება არ ჰქონია,რითაც განპირობებული ყოფილა კიდეც ფრინველების ფიტულებითა და ცხოველების გამოსახულებებით მისი დაკმაყოფილება.კარჩაკეტილი ცხოვრების მოყვარული ამაყი მხატვარი თავის შემოქმედებაში საგნების რეალობაზე კი არ ზრუნავდა,არამედ მათი ხაზების მარავლრიცხოვნებასა და უსასრულო სახესხვაობაზე,რის გამოც მუდმივად ხდებოდა დაცინვისა და სიბრალულის ობიექტი.საკვირველია,თუმცა ფაქტია,რომ იგი ნაოჭიანი ქუდების უცნაურ კოლექციას უფრო მიიჩნევდა ზეშთაგონების წყაროდ,ვიდრე გენიალური იტალიელი მოქანდაკის – დონატელოს მიერ მარმარილოსაგან გამოკვეთილ მშვენიერ სახეებს.პაოლოს მუდამ ერთი და იგივე მოსასხამი ეცვა და ჩაფიქრებულ შუბლზე ჩაფხუტი ჰქონდა ჩამოცმული.არასოდეს აქცევდა ყურადღებას,რას ჭამდა ან რას სვამდა,რითაც ძალიან ჩამოჰგავდა განდეგილს.იმისათვის,რომ ევკლიდეს ამოცანები ამოეხსნა,დასახმარებლად მიმართავდა მის იშვიათ მეგობარს,მათემატიკოსს – ჯოვანი მანეტის.შემდეგ ჩაიკეტებოდა სახლში და პერგამენტებსა თუ ხის დაფებს ავსებდა წერტილებითა და ირიბი ხაზებით.ამას გარდა,განუწყვეტლივ სწავლობდა არქიტექტურას,რაშიც მას ფილიპო ბრენელლესკი ეხმარებოდა,თუმცა კი სულაც არ ფიქრობდა ხუროთმოძღვარი გამოსულიყო.განდეგილივით მაცხოვრებელი „ფრინველი” (უჩელო) იატაკზე,კედელთან,ლამფის ქვეშ გაშლილ მრგვალ ჩრდილში გვიან ღამით იძინებდა და დილით ადრე იღვიძებდა.ახლადგაღვიძებული გენიოსი კი რამდენიმე ხნის განმავლობაში აღფრთოვანებული შესციცინებდა სხვადასხვა ფერებში დახატულ ფრინველებსა და ცხოველებს.არ ხატავდა პორტრეტებს,რადგან მისთვის უცხო იყო ერთი პიროვნების ფარგლებში დარჩენის სიხარული.მას არ ძალუძდა ყოფილიყო ერთ მხარეში,როდესაც წარმოსახვით ყველა მხარისაკენ მიილტვოდა.განდეგილი მხატვრის სახლში ხშირად ერთი ნამცეციც კი არ მოიძებნებოდა საჭმლისა,რამაც მის ჯანმრთელობაზე ერთობ უარყოფითი გავლენა იქონია. და ის მოკვდა ისე,რომ ხმაც კი არ ამოუღია. და როცა მოკვდა,არავის შეუმჩნევია მისი სიკვდილი,ისევე როგორც უწინ ვერ ამჩნევდნენ,ცოცხალი რომ იყო. – (ავტორი გენია.ჯი)
პაოლო უჩელოს შემოქმედება