ალექსანდრიის უნიკალური ბიბლიოთეკის ისტორიიდან…
ანტიკური ხანის – ალექსანდრიის ბიბლიოთეკა ერთ-ერთი ყველაზე ნათელი მაგალითია ადამიანის როგორც გენიალურობისა,ასევე მისი უსაზღვრო უგუნურებისა.რაოდენ პარადოქსულადაც არ უნდა ჟღერდეს,ფაქტია,რომ კაცობრიობას ეყო სიბრძნე ამ უნიკალურ ბიბლიოთეკაში,ერთ ადგილზე მოეყარა თავი მთელი თავისი ცოდნისათვის,რაც კი სამყაროს შესახებ იმ პერიოდისათვის იყო მისთვის ცნობილი,რათა შემდგომში საკუთარი ხელითვე პირწმინდად მოესრა და გაენადგურებინა იგი. (ავტორი გენია.ჯი) ათწლეულების განმავლობაში იქ მოღვაწეობდნენ ანტიკური ეპოქის ბუმბერაზი სწავლულები.მათ შორის ალექსანდრიის ბიბლიოთეკის მცველი (ხელმძღვანელი),გენიალური ძველ ბერძენი ასტრონომი და მათემატიკოსი – ერატოსთენე კირენელი (ძვ.წ.აღ-ით 276-194 წლები),რომელმაც პირველმა გაზომა დედამიწის მერიდიანის სიგრძე და რომელმაც ჯერ კიდევ კოსმოსური თანამგზავის გამოგონებამდე საუკუნეებით ადრე დაადგინა ჩვენი პლანეტის ფორმა; იქვე პირველმა კოსმოლოგებმა პირველად შექმნეს პირველი გლობუსები; სწორედ ალექსანდრიის ბიბლიოთეკაში მოღვაწეობის ჟამს დაადგინა მანძილი მთვარემდე დიდმა ძველ ბერძენმა მეცნიერმა და ასტრონომიის ერთ-ერთმა ფუძემდებელმა – ჰიპარქე ნიკეელმა (ძვ.წ.აღ-ით 180-125 წლები),რომელმაც გარდა ამისა,შექმნა ასტროლაბი და 850 ვარსკვლავის კატალოგიც შეადგინა; იქ დაიწერა სამ ტომად პირველად მსოფლიოს სრული ისტორია; (ავტორი გენია.ჯი) სწორედ ალექსანდრიის ბიბლიოთეკიდან ამცნო კაცობრიობას გენიალურმა ალექსანდრიელმა მათემატიკოსმა და ჩვენამდე მოღწეული პირველი მათემატიკური თეორიის ავტორმა – ევკლიდემ (ძვ.წ.აღ-ით 325-265 წლები) გეომეტრიის საწყისები; ანტიკური ხანის უდიდესმა ალექსანდრიელმა გრამატიკოსმა და მეცნიერული ლექსიკოგრაფიის ფუძემდებელმა – არისტოფანე ბიზანტიონელმა (ძვ.წ.აღ-ით 257-180 წლები) ალექსანდრიის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელობის დროს დაიდო განსაკუთრებული წვლილი ჰომეროსის პოემების ფილოლოგიურ შესწავლაში და დაწერა „ალექსანდრიული კანონი”; ამ დიდებული ბიბლიოთეკის თაროებზე იყო დაბინავებული გენიალური ძველ ბერძენი ასტრონომისა და ფილოსოფოსის – არისტარქე სამოსელის (ძვ.წ.აღ-ით 310-230 წლები) ის ნაშრომი,რომელიც კაცთა მოდგმას ამცნობდა,რომ დედამიწა – ერთ-ერთი პლანეტა იყო და ისიც სხვა პლანეტების მსგავსად ბრუნავდა მზის გარშემო…
მეცნიერები ირწმუნებიან,ალექსანდრიის ბიბლიოთეკაში დაცული ნაშრომებიდან თუნდაც ათ პროცენტს მაინც რომ მოეღწია დღევანდელ დღემდე,არა მხოლოდ პროგრესულად გაცილებით წინ ვიქნებოდით,არამედ სამყაროც კი სულ სხვაგვარი იქნებოდაო.მაგრამ ხალხებს შორის გამართულმა რელიგიურმა და პოლიტიკურმა ბრძოლებმა ალექსანდრიის უნიკალური ბიბლიოთეკიდან მხოლოდ ნანგრევებად ქცეული ნაშთებიღა შემოგვინახა.დრო უმოწყალოდ არბევს უბალავროდ ნაგებ გოდოლთა ბურჯებს.იმსხვრევიან შიშის კვარცხლბეკზე წამომართული უსულო კერპები.სამუდამო დავიწყების ან მარადი წყევლის ბურუსში ინთქმება ყველაფერი,რაც კი ადამიანის სულიერი სამკვიდრებლის გასათელად ამხედრებულა,მაგრამ არა – ალექსანდრიის ბიბლიოთეკა. – (ავტორი გენია.ჯი)