აკაკის სიტყვა ილის საფლავის ძეგლის – „მწუხარე საქართველოს” გახსნის დროს
1913 წლის 5 მაისს,მთაწმინდის პანთეონში ვერაგულად მოკლული საქართველოს „უგვირგვინო მეფედ” წოდებული – ილია ჭავჭავაძის საფლავზე დაიდგა ღრმა სინანულის გამომხატველი ძეგლი – „მწუხარე საქართველო”,რომელიც შექმნილი იქნა დიდი ქართველი მოქანდაკის – იაკობ ნიკოლაძის მიერ. (ავტორი გენია.ჯი) ამ დღეს ილიას საფლავზე თავი მოიყარა დიდებულმა ქართველმა საზოგადოებამ.მათ შორის იმყოფებოდა მხცოვანი ქართველი მგოსანი – აკაკი წერეთელი,რომელმაც ილიას სადიდებელი სიტყვა კიდევ ერთხელ და როგორც აღმოჩნდა,უკანასკნელად წარმოთქვა საჯაროდ:
„ბატონებო! მრავალმეტყველება და ბევრი მითითება არ არის საჭირო იმისთვის,ვინც სიცოცხლეშივე ძალ-უნებურად ჩაესახა თვალსა და გულში მის თანამედროვეობას.ამისთანას ეკუთვნოდა ისიც,ვის პატივსაცემოდ დღეს აქ შევკრებილვართ.თვალწინ გვიდგია მისი ვერაგული სიკვდილი… სადაც ვარდი იფურჩქნება,იქ ეკალიც ამოდის.ადამიანებშიც ასეა: შეგნებულებს შეუგნებლები უდგიან გვერდში და აი,სწორედ ამისთანებმა ჩაიდინეს უსამართლობა.დიახ,ჩაიდინეს,მაგრამ მათდა უნებურად შესძინეს კიდევ ერთი გვირგვინი მწუხარებისა და გულდაწყვეტისა.მთელი ქართველობა იგლოვს და სტირის თავის დაუვიწყარ შვილის დაკარგვას.იდეის მხრივ დიდია ეს ქანდაკება და ამას ახლავ თქვენის თვალით ნახავთ”.
სიტყვით გამოსვლის შემდგომ,აქვითინებულმა აკაკიმ ათრთოლებული ხელებით ჩამოხსნა ძეგლს საბურველი… „მწუხარე საქართველოს”.ხალხის ოხვრა და გმინვა კი კვლავაც მოეფინა ბებერი მთაწმინდის შეფენილ კალთებს! – (ავტორი გენია.ჯი)