ედუარ მანე – „ეპიზოდი”
„ისტორიული ფიგურების ხატვა გამოთაყვანებაა! განა შეიძლება ადამიანი მონადირის მოწმობის მიხედვით დახატო? არსებობს მხოლოდ ერთი ნამდვილი ჭეშმარიტება – ხელადვე ჩახატო ის,რასაც ხედავ.თუ გამოვიდა ხომ კარგი,თუ არა და თავიდან დაიწყე.სხვა ყველაფერი სისულელეა”. – წერდა გენიალური ფრანგი მხატვარ-უნივერსალისტი – ედუარ მანე (1832-1883 წლები),რომლის სურათების მიღებაზეც მსოფლიო გამოფენის ორგანიზატორებმა 1867 წელს კატეგორიული უარი განაცხადეს. (ავტორი გენია.ჯი) „მანე რეგვენი და დიდი ეშმაკია,ესაა ბანქოს ქაღალდი,ადამიანი,რომელსაც შთაბეჭდილებები არა აქვს,ნამდვილი ესპანელი ილუზიონისტი,ფერმწერი… თუმცა ამას თქვენ თვითონ დაინახავთ”. – ასე დაახასიათა ანრი რუარისადმი გაგზავნილ ერთ-ერთ წერილში მანე იმპრესიონიზმის თვალსაჩინო წარმომადგენელმა დიდმა ფრანგმა მხატვარმა – ედგარ დეგამ,რომელმაც ედუარის გარდაცვალების შემდგომ აღიარა: „მანე უფრო დიდი იყო,ვიდრე ჩვენ გვეგონაო”.მას შემდეგ,რაც 1867 წელს ედუარ მანეს მსოფლიო გამოფენაზე სურათების გამოფენის უფლება არ მისცეს, „მარადიულ მეამბოხედ” წოდებულმა ხელოვანმა გამოსცა კატალოგი,რომლის შესავალსაც შემდეგი სახის წინასიტყვაობა დაურთო: „ბატონ მანეს პროტესტის გამოხატვა არ ჰქონია მიზნად.პირიქით,პროტესტი სხვებმა განაცხადეს,რასაც იგი არ მოელოდა.პროტესტს აცხადებენ ადამიანები,რომლებიც ფერწერის ფორმების,ხერხებისა და ასპექტების ტრადიციულ გაგებაზე არიან აღზრდილნი და სხვა გაგებას არ ცნობენ.მათ გულუბრყვილო შეუწყნარებლობა გამოიჩინეს.მათი ფორმულების გარეშე არაფერს არა აქვს მათ თვალში ფასი და ისინი არა მარტო კრიტიკოსებად,არამედ მოწინააღმდეგეებადაც კი იქცნენ,თანაც აქტიურ მოწინააღმდეგეებად… ბატონი მანე ყოველთვის აღიარებდა ნიჭს იქ,სადაც მას ხედავდა, და არასოდეს არ ჰქონია იმის პრეტენზია,რომ გაენადგურებინა წინანდელი ფერწერა ანდა ახალი ფერწერა შეექმნა.მას,უბრალოდ,უნდოდა იმადვე დარჩენილიყო,რაც არის, და სხვა ვინმედ არ ქცეულიყო…”
გავიდა რამდენიმე ათწლეული… 1883 წლის 30 აპრილს აღესრულა „ოლიმპია”-ს ავტორი.ედუარ მანეს დაკრძალვას აუარება ხალხი დაესწრო. 1884 წლის იანვარში მანესადმი მის სიცოცხლეში მტრულად განწყობილმა სამხატვრო აკადემიამ ედუარის ნაწარმოებების დიდი გამოფენა მოაწყო. 1907 წელს,საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის – ჟორჟ ბენჟამენ კლემანსოს უშუალო ინიციატივითა და ხელშეწყობით,მონეს მიერ ქვეყნისათვის საჩუქრად გადაცემული გენიალური ტილო „ოლიმპია”,ლუვრის დიდებულ მუზეუმში გამოფინეს.მაგრამ ეს უკვე ნაგვიანევი,ერთობ ნაგვიანევი აღიარება იყო. – (ავტორი გენია.ჯი)