ხუტა ბერულავა – „როდესაც შვილი შინიდან მიდის”
როდესაც შვილი შინიდან მიდის,
რომ გაჰყვეს ტოლებს,გზებსა და შუკებს,
ღიმილით მიდის და ეს ღიმილი
მხოლოდ ბავშვური არ არის უკვე, -
შენ შეშფოთებით შეჰყურებ პირმშოს,
ცრემლით სველდება ცისფერი ფარდა,
და გარინდებით, და გარინდებით,
და გარინდებით ჩერდები კართან.
* * *
როდესაც შვილი შინიდან მიდის,
და შენ არ ძალგიძს რომ შეაჩერო,
შიშით შორდები და ეს შეკრთომა
არა გსურს თუნდაც მის თვალს აჩვენო;
როდესაც შვილი შინიდან მიდის
და არჩევანი არის ურყევი,
თან გაატანე,დედავ კეთილო,
თილისმა შენი ლოცვა-კურთხევის.
* * *
ვიდრე ბავშვები იბუმბლებიან,
არცა ჯავრი აქვთ მომავლის დღეთა,
მათ საკუთარ ფრთებს ვაძლევთ მთლიანად
სიყვარულთან და იმედთან ერთად;
მათივე სახელ-დიდებისათვის
ვიპყრობთ მწვერვალებს შეუპოვრები
და თავსაც ვწირავთ,რომ იყოს წყნარი
ყოველი წამი მათი ცხოვრების.
* * *
ამისთვის ვცოცხლობთ,ვიწვით,ვანათებთ,
ვიბრძვით,ვისახავთ მშვენიერ მიზანს…
მაშ ნუღარ შფოთავ,იყავი მშვიდად,
წავიდეს,ჰქონდეს ბედნიერი გზა!
როდესაც შვილი შინიდან მიდის, -
განა დროებით ან სასეირნოდ, -
დაე თან გაჰყვეს ლოცვა დედური,
წმიდათაწმიდა და საზეიმო!