მორის ფოცხიშვილი – „ხელოვნება”

რა ბინდისფერი ყოფილა წუთისოფელი თეთრი,

რა უბედური ყოფილა ბედნიერების ღმერთი.

* * *

რა საარაკო ყოფილა სულმთლად უიღბლო კაცთა

იღბლიანობა,როდესაც განსაცდელი აქვთ განცდა.

* * *

რა საზარელი ყოფილა ფრენა შეჭრილი ფრთებით,

სიცოცხლე,როცა გკლავენ და მაინც ცოცხალი რჩები.

* * *

რა სასაცილო ყოფილა სვლა სატირალი გზებით,

როცა მწვერვალთა დამპყრობი ბუმბულ-საბანში კვდები.

* * *

რა ძნელსამტვრევი ყოფილა ოქროს გალიის კარი,

რა ძნელსასმენი ყოფილა უგულო კაცის ზარი.

* * *

რა საშინელი ყოფილა,ჩემო რწმენავ და ხატო,

როდესაც ხატვა არ გინდა და მაინც უნდა ხატო.

* * *

რა ძნელსალეწი ყოფილა მწიფე საწუთროს კალო,

ჟამი,ყრუმუნჯთა სცენაზე,როცა მთელი ხმით გალობ.

* * *

როცა ცა გიხმობს ნათელი,მაგრამ არა გაქვს მოცლა,

როცა ყველაფერს წყევლი და თურმე ყველაფერს ლოცავ.

კომენტარის დატოვება