უილიამ სომერსეტ მოემის რელიგიური მსოფლმხედველობა

„ღმერთი ისე მკაცრად მოითხოვს,რომ მისი გწამდეს,თითქოს შენი რწმენა სჭირდებოდეს საკუთარი არსებობის დასადასტურებლად.ვისაც მისი სწამს ჯილდოს ჰპირდება,ხოლო ვისაც არა – საშინელ სასჯელს უმზადებს.თვითონ მე არა მწამს ღმერთი,რომელიც გამიწყრება,რადგან მისი არა მჯერა.ვერ ვიწამებ ისეთ ღმერთს,რომელიც ჩემზე ნაკლებ შემწყნარებელია.ვერ ვიწამებ ისეთ ღმერთს,რომელსაც არც იუმორი გააჩნია და არც საღი აზრი.პლუტარქემ საკითხი მოკლედ მოჭრა, „მირჩევნიაო, – სწერდა იგი, – ხალხმა თქვას,პლუტარქე არც არსებობდა და არც არსებობს,ვიდრე თქვას,პლუტარქე თანმიმდევრული კაცი არ არის,მერყევია,ადვილად ბრაზდება წვრილმან წყენაზე,სამაგიეროს გადახდა უყვარს და უბრალო რამეზე იბუტებაო”.

თუმცა ხალხი ღმერთს ისეთ ნაკლს მიაწერს,რასაც თვითონ ითაკილებდა,ეს მაინც არ ამტკიცებს იმას,რომ ღმერთი არ არსებობს.ეს მხოლოდ იმას ამტკიცებს,რომ ადამიანთა მიერ მიღებული ყველა რელიგია – ჩიხია გაუვალ ჯუნგლებში და არც ერთ მათგანს არ შევყავართ დიადი იდუმალების სიღრმეში”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„გამოცდილება გვიჩვენებს,რომ რწმენის გაბატონება, – მიუხედავად იმისა,თუ რამდენ ხანს გრძელდებოდა იგი,ვერ ამტკიცებს მის ჭეშმარიტებას.გამოდის,რომ ღმერთის არსებობის არც ერთი საბუთი არ გამოდგება.მაგრამ,რა თქმა უნდა,ვერ იტყვი,ღმერთი არ არსებობსო,მხოლოდ იმიტომ,რომ ვერ დაამტკიცე მისი არსებობა.რჩება კრძალვა და შიში,ადამიანის უმწეობის შეგრძნება და მისი მისწრაფება – დაამყაროს ჰარმონია თავის თავსა და სამყაროს შორის.სარწმუნოების წყარო უფრო სწორედ ეს გრძნობებია და არა ბუნების თაყვანისცემა ან წინაპართა პატივისცემა,მაგია ან მორალი.მიზეზი არა გვაქვს დაიჯერო,რომ რაც გსურს,ის არსებობს კიდეც,მაგრამ ვერც იმას გეტყვიან,უფლება არა გაქვს დაიჯერო ის,რისი დამტკიცებაც არ შეგიძლიაო.რამდენიც გნებავს,იმდენი გწამდეს,ოღონდ იცოდე,რომ შენს რწმენას ვერ დაასაბუთებ.თუ შენი ბუნება მოითხოვს ნუგეშს და სიყვარულს,რომელიც გაგამხნევებს და მხარში ამოგიდგება,მაშინ საბუთებს არც მოითხოვ და არც დაგჭირდება.შენი ინტუიციაც იკმარებს”.

* * *

„ღვთის რწმენა არ არის აუცილებელი,რათა უკვდავება გწამდეს,მაგრამ ძნელია ღმერთი და უკვდავება ერთი-მეორისაგან გათიშო”.

* * *

„საიქიო ცხოვრება ყოველთვის ღვთის უმძლავრეს იარაღად ითვლებოდა მის ურთიერთობაში ადამიანის მოდგმასთან”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„თუ ღმერთი სიყვარულია,მაშინ ადამიანი მისთვის ფასეულია და ძნელი დასაჯერებელია,რომ ის,რაც ღმერთისთვის ფასეულია,შესაძლოა გაქრეს”.

* * *

„თუ კაცმა უგულებელჰყო ღვთის არსებობა და უკვდავება,როგორც ძალზე საეჭვო რამ,რამაც მის საქციელზე შეიძლება გავლენა მოახდინოს, – მაშინ უნდა გადაწყვიტოს,რაღაა ცხოვრების მნიშვნელობა და დანიშნულება? თუ სიკვდილი ყველაფერს აბოლოებს,თუ არც საიქიო სიკეთის იმედი უნდა გქონდეს და არც იქაური ბოროტების შიში, – მაშინ თავს უნდა დაეკითხო,რატომ ვარ აქ და როგორ უნდა მოვიქცე ამ პირობებშიო? ამ კითხვაზე პასუხის გაცემა ადვილია,მაგრამ იმდენად უსიამოვნოა,რომ უმრავლესობა თავს არიდებს.ცხოვრებას არც მიზანი აქვს და არც აზრი.ჩვენ ვართ ერთი მომცრო პლანეტის დროებითი მცხოვრებნი,ერთი პატარა ვარსკვლავის გარშემო მბრინავი,რომელიც თვითონაც უთვალავ გალაქტიკათა შორისაა მოთავსებული და ერთ-ერთი მათგანის წევრია.შესაძლოა,მხოლოდ ამ პლანეტაზე არსებობს სიცოცხლე,შეიძლება სამყაროს სხვა ნაწილშიაც არის ციური სხეულები,რომელთაც შეუძლიატ შექმნან შესაფერისი გარემო ისეთი სუბსტანციის წარმოსაქმნელად,საიდანაც,როგორც ვარაუდობენ,თანდათან,ხანგრძლივი დროის განმავლობაში წარმოვიშვით ადამიანები. და თუ ასტრონომია მართლას ამბობს,ჩვენს პლანეტაზე ბოლოს და ბოლოს სიცოცხლე გაქრება და სამყაროც იმ უკანასკნელ წონასწორობას მიაღწევს,როდესაც უკვე აღარაფერი აღარ მოხდება.თუ ამ დრომდე მრავალი ეონით ადრე გაქრება ადამიანი,რაღა აზრი ექნება მაშინ იმის წარმოდგენას,რომ ადამიანი ოდესღაც არსებობდა? იგი სამყაროს ისტორიაში ისეთივე უმნიშვნელო ფურცელი იქნება,როგორიცაა ფურცელი პირველყოფილ დედამიწაზე მოსახლე საოცარ ურჩხულებზე”.

* * *

„ადამიანს ისეთი ყოვლისმომცველი ეგოიზმი აღმოაჩნდა,რომ საკუთარი გაქრობის შესაძლებლობა ვერც კი წარმოუდგენია”.

* * *

„ადამიანი მხოლოდ ინსტიქტურად ცხოვრობს.შეიძლება სწორედ ესაა უმაღლესი სიბრძნე”. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>