ანატოლ ფრანსის გენიალური ნააზრევი…
„მე სულ იმას ვფიქრობ,ხალხი უფრო ბოროტია,ვიდრე ერთის შეხედვითა ჩანს-მეთქი.თავი ისეთებად როდი მოაქვთ,როგორიც სინამდვილეში არიან; იმალებიან,როცა ისეთი რამის ჩადენა სურთ,რაც მნახველს მათ თავს შეაძულებდა ან შეაზიზღებდა; სააშკარაოზე კი მაშინ გამოდიან,როცა ყველას მოსაწონ საქმეს სჩადიან და საყოველთაო აღტაცება სურთ დაიმსახურონ.იშვიათად თუ შემიღია ვინმეს კარი მოულოდნელად,რომ სამარცხვინო,საძრახის რასმე არ წავწყდომოდე და ადამის ძეთა მიმართ გულში ზიზღის ან სიბრალულის გრძნობა არ აღმძვროდეს. ეჰ, ამეების თქმა მეცა მზარავს,მაგრამ თავი ვერ შემიკავებია.
ჭეშმარიტება უზომოდ მიყვარს,მაგრამ განა ყოველთვის ვუერთგულე? ისიც საკითხავია,ეს ჩვენი ენა ჭეშმარიტების სრულყოფილად გადმოსაცემად თუ გამოდგება; ენა კაცისა ნადირთ ძახილისაგან იშვა და მის თვისებებს დღემდე ინარჩუნებს; ის გრძნობებს,ვნებებს,სიხარულსა და მწუხარებას,სიძულვილსა და სიყვარულს გამოხატავს.ჭეშმარიტების სათქმელად არაა შობილი.ტყის ნადირთა სულში ჭეშმარიტებას ბინა არ უძევს; ის არც ჩვენს სულებში ბუდობს და თუ მეტაფიზიკოსები მაინც საწინააღმდეგოს გვიქადაგებენ,ეს მათი უბრალო ახირებაა და სხვა არაფერი.
მე მხოლოდ ის შემიძლია გითხრათ,რომ ბოლომდე გულწრფელი ვიყავი.ჭეშმარიტება თავს მირჩევნია-მეთქი,ისევ ვიმეორებ.კაცობრიობას სჭირდება იგი; მაგრამ,ცხადია,კიდევ უფრო მეტად სჭირდება სიცრუე,რომელიც ანუგეშებს,ეპირფერება და ჭრელ-ჭრელ იმედებს აღუძრავს გულში.სიცრუე რომ არა,სასოწარკვეთილებასა და მოწყენილობაში ამოგვხდებოდა სული”. – (ავტორი გენია.ჯი)