ფრიდრიხ III მშვიდობიანი – „ეპიზოდი”
შუა საუკუნეების საღვთო რომის იმპერიაში,ისევე როგორც სხვა ევროპულ სახელმწიფოებში,სასჯელის ერთ-ერთ ზომად მსჯავრდებულებისათვის დაწესებული გახლდათ მშობლიური ქალაქებიდან განსაზღვრული დროით ან სამუდამოდ გაძევება. (ავტორი გენია.ჯი) შესაბამისად,გაძევებულებს მშობლიურ ქალაქებში შესვლა ეკრძალებოდათ,რის გამოც ისინი ძირითადად თავს იმავე ქალაქების შემოგარენებს აფარებდნენ.თუმცა მათთვის აღნიშნული სიტუაციიდან ერთადერთი გამოსავალიც არსებობდა.იმისათვის,რომ საკუთარი ძალაუფლება შეენარჩუნებინათ და მაქსიმალურად გაემყარებინათ იგი,იმპერატორებს ხშირად უხდებოდათ თავიანთი სამეფოს შემადგენლობაში შემავალ ამა თუ იმ ქალაქში სტუმრობა.თავის მხრივ კი,სწორედ ამ ვიზიტით უნდა ესარგებლათ გაძევებულებს: იმ შემთხვევაში,თუ ქალაქის კარიბჭეში შემავალი იმპერატორის ტანისამოსის კალთებზე ან მონარქის ცხენის კუდზე ხელის მჭიდროდ ჩაჭიდებას მოახერხებდნენ გაძევებულები,მაშინ მათ სრული უფლება ენიჭებოდათ მშობლიურ ქალაქში მბრძანებელთან ერთად შესვლისა.მაგალითად, 1442 წელს გერმანიის მეფემ (შემდგომში – საღვთო რომის იმპერიის იმპერატორმა) – ფრიდრიხ III მშვიდობიანმა (1415-1493 წლები) ამ მეთოდით შვეიცარიის ქალაქ ციურიხში 11 გაძევებული შეიყვანა,ხოლო 1473 წელს კი,უკვე საღვთო რომის იმპერიის იმპერატორის რანგში მყოფმა გულმოწყალე მბრძანებელმა,შვეიცარიის ქალაქ ბაზელში 37 მსჯავრდებული დააბრუნა თავიანთ ქალაქში.ამიტომაც იყო საკუთარი გამგებლობის ქვეშ მყოფ ქალაქებში მოგზაურობისას ფრიდრიხი მუდმივად გარშემორტყმული მშობლიური ქალაქებიდან გაძევებული უამრავი თანამემამულით.გასათვალისწინებელია ისიც,რომ მას შემდეგ,რაც იმპერატორი ქალაქს დატოვებდა,ქალაქის ხელისუფლებას უფლება ეძლეოდა საკუთარი გადაწყვეტილების მიხედვით ემოქმედა და ისინი ან დაეტოვებინა ქალაქში,ან კვლავაც გაეძევებინათ. – (ავტორი გენია.ჯი)