რა გამოსათხოვარი წერილი დაუტოვა პეტრონიუსმა „ყოფილადწოდებულ” მეგობარს – ნერონს?

რომის სისასტიკით სახელგანთქმული იმპერატორისა და ქრისტიანთა დაუძინებელი მტრის – ნერონის ერთ-ერთმა უახლოესმა მეგობარმა და თანამეინახემ, „სინატიფის მსაჯულად” წოდებულმა დიდმა ძველ რომაელმა პოეტმა და „სატირიკონის” ავტორმა – პეტრონიუს არბიტერმა (14-66 წლები), რომელმაც დიდებულად ასახა იმდროინდელი ყოფაცხოვრება, და განსაკუთრებით კი ზნეობრივი თავაშვებულება, იგრძნო-რა აღსასრულის მოახლოება, შურისმაძიებელი მეგობრის მიერ გამოტანილი განაჩენის დამადასტურებელ ცნობას არ დაელოდა და მანამ დაასრულა სიცოცხლე სუიციდით, სანამ თვითმკვლელობის ჩადენას ოფიციალურად, კანონის ძალით აიძულებდნენ. (ავტორი გენია.ჯი) პეტრონიუსამდე, მიზანთროპ მბრძანებელს იმიერში უკვე გასტუმრებული ჰყავდა თავისი აღმზრდელი – ლუციუს ანეუს სენეკა და ლუკანუსი, ფენიუს რუფუსი და პლავციუს ლატერანი, აფრანიუს კვინციანუსი და ფლავიუს სცევინი, ტულიუს სენეციონი და პროკულუსი, არარიკი და ნერონის ნაერთგულევი კაცი – სუბრიუს ფლავიუსი. ზოგ მათგანს საკუთარი არარაობა ღუპავდა, ზოგს – შიში, ზოგს – სიმდიდრე, ზოგსაც – გამბედაობა…

სიკვდილის საუფლოში გარდასასვლელად შემზადებულმა პეტრონიუსმა, რომლის დუმილი – ძაგებად, ხოლო ქება კი – დაცინვად მიაჩნდა უკანასკნელ ხანს ნერონს, ყოფილადწოდებულ „მეგობარს” ერთობ მრავლისმეტყველი გამოსათხოვარი წერილი დაუტოვა:

„ვიცი, კეისარო, მოუთმენლად ელი ჩემს მოსვლას და შენი მეგობრული გული დღე და ღამე ჩემთვის ნაღვლიანობს. ვიცი,საჩუქრებით ამავსებდი, პრეტორიის პრეფექტად დამნიშნავდი, ტიგელინუსს კი უბრძანებდი, ის ყოფილიყო, რისთვისაც ღმერთებს გაუჩენიათ, ესე იგი, ჯორების ზედამხედველად შენს იმ მამულებში, დომიციუსის მოწამვლის შემდეგ რომ დაიმკვიდრე (ცნობისათვის, ტიგელინუსმა დიდი წვლილი დაიდო ნერონსა და პეტრონიუს შორის შუღლის გაღვივებასა და ამ უკანასკნელის სასიკვდილოდ გაწირვაში – ავტორი გენია.ჯი). მაპატიე! ჰადესს გეფიცები და შენი დედის,ცოლისა და ძმის აჩრდილებს, შენთან მოსვლა არ შემიძლია. სიცოცხლე უდიდესი საჭურჭლეა, მეც მოვახერხე ამ საჭურჭლეში საუკეთესო ნივთები ამერჩია, მაგრამ სიცოცხლეშიაც არის ისეთი რამ, რის ატანაც აღარ შემიძლია. ნუ იფიქრებ, რომ მაშფოთებდეს ის, რომ შენ დედა, ცოლი და ძმა მოკალ, რომ რომს ცეცხლი წაუკიდე და რომ შენი სახელმწიფოს საუკეთესო ადამიანები ერებოსს გაუგზავნე. არა, კრონოსის შვილიშვილო! სიკვდილი ადამიანთა ხვედრია, შენგან კი სხვა რიგი საქციელის მოლოდინი არ შეიძლებოდა. მრავალი წელი ყური გამომიჭედა შენმა სიმღერამ, თავი მომაბეზრა შენი დომიციუსისებური ღიპის ცქერამ, შენი წვრილი ფეხების მანჭვა-გრეხამ, შენი დაკვრის მოსმენამ, შენი პოემების ყურის გდებამ. გარეუბნის უბადრუკო პოეტო, – აი რამ მომიყვანა აბეზარს, რამ აღმიძრა სიკვდილის სურვილი. რომი ყურებს იცობს, შენს სიმღერას რომ ისმენს, ქვეყანა შენ დაგცინის, მე კი შენი სირცხვილის გაზიარება აღარ მინდა და აღარც შემიძლია. ჩემო კარგო, ცერბერის ღმუილი ნაკლებ უსიამოვნო იქნება ჩემთვის, ვიდრე შენი სიმღერა, იმიტომ, რომ მისი მეგობარი არასოდეს არა ვყოფილვარ და მოვალე არა ვარ, მისი ხმის გამო შემრცხვეს. კარგად იყავ, მაგრამ ნუღარ იმღერებ, ხალხი ამოწყვიტე, მაგრამ ლექსებს ნუღარ დაწერ, ადამიანები მოწამლე, მაგრამ ნუღარ იცეკვებ, ცეცხლი გააჩინე, მაგრამ კითარას ნუღარ დაუკრავ. ესეც უკანასკნელი მეგობრული რჩევა „სინატიფის მსაჯულისაგან”. – (ავტორი გენია.ჯი)

აღნიშნული წერილის დაწერის შემდგომ (66 წელს) პეტრონიუსმა თავისთან ექიმს უხმო და მკლავი გაუშვირა. გამოცდილმა ექიმმა მას უმალვე ოქრომკერდის ზონარი მოუჭირა და ძარღვი გადაუხსნა. პეტრონიუსის გარდაცვალებიდან სულ რაღაც ორიოდე წელიწადში ნერონმაც სუიციდით დაასრულა სიცოცხლე, თუმცა გამბედაობა მას არც მაშინ ეყო და ამ საქმისათვის მონის დახმარება დასჭირდა. – (ავტორი გენია.ჯი)

პეტრონიუსი

ნერონი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>