ლუიშ დი კამოენსის შესახებ…
პორტუგალიური ლიტერატურისა და პოეზიის ბუმბერაზს,თანამედროვე პორტუგალიური ენის ფუძემდებელსა და შედევრი-პოემის – „ლუზიადების” ავტორს – ლუიშ დე კამოენსს (1524-1580 წლები),რომელმაც თავის უკვდავ ქმნილებაში პორტუგალიის მიერ აღსრულებულ დიად საქმეებს უგალობა და ხოტბა შეასხა (მათ შორის ვასკო დე გამას საყოველთაოდ ცნობილ და პირველ მოგზაურობას ევროპიდან ინდოეთამდე),ისეთივე სიბერე და აღსასრული ხვდა წილად,როგორც სხვა მრავალ გენიოსს ხვდომია თავისი ცხოვრების დაისის ჟამს. (ავტორი გენია.ჯი) მოზამბიკიდან სამშობლოში დაბრუნებულ კამოენსს პორტუგალიის მეფემ – სებასტიან I სანატრელმა,რომელსაც პოეტმა უძღვნა „ლუზიადები”,სამუდამო პენსია კი დაუნიშნა,მაგრამ პორტუგალიელი მონარქის სახელოვანი ქვეშევრდომის ყოველთვიური პენსიის რაოდენობა 4-ჯერ ნაკლები იყო იმ თანხაზე,რასაც უბრალო მშენებელი გამოიმუშავებდა საშუალოდ თვეში.მიუხედავად ამისა,ვალმოხდილ კამოენსს სერვანტესის მსგავსად (რომელსაც ესპანეთმა ყოველდღიურად ერთი უფასო პური გამოუყო.ის კი არა და, დონ კიხოტის ავტორი დიდი სიამაყით აღნიშნავდა,რომ სამშობლომ მას ძალიან დიდი პატივი დადო ამ ქმედებით),არასოდეს დაუჩივლია სამშობლოსაგან გამოჩენილი ეგზომ მოკრძალებული ყურადღების გამო. (ავტორი გენია.ჯი) მანამდე კი,სერვანტესის მსგავსადვე დასახიჩრდა კამოენსი სეუტის ბრძოლაში.თუმცა მისგან განსხვავებით – მარჯვენა თვალი დაკარგა.დედოფლისაგან შერისხული თავის პოემასთან ერთად ძლივს გადარჩა გემის დაღუპვის დროს.მუდამ გასაჭირში მცხოვრებმა გენიალურმა პორტუგალიელმა პოეტმა მოზამბიკში ყოფნის ჟამს მსახურად პატარა მოზამბიკელი ბიჭუნა – ანტონიუ აიყვანა,რომელიც შემდგომ სამშობლოშიც თან ჩაიყვანა.პატარა მსახურს ლუიში არა მხოლოდ საკუთარ ლუკმას,არამედ ცოდნასაც უხვად უწილადებდა.შედეგად ანტონიუ ასაკოვანი კამოენსის უერთგულეს მეგობრად იქცა. და როდესაც, „ლუზიადების” ავტორი უკიდურეს სიღატაკეში ლევდა სულს,ერთადერთი ვინც იგი არ მიატოვა,სწორედ რომ მისი უერთგულესი მოზამბიკელი ყმაწვილი-მეგობარი იყო.ანტონიუ დღენიადაგ დაეხეტებოდა ლისაბონის ქუჩებში,რათა კამოენსის გამოსაკვებად მოწყალება ეთხოვა და ასე გაეხანგრძლივებინა სამშობლოს წინაშე ვალმოხდილი მოღვაწის სიცოცხლე.ჯანმრთელობაშერყეულ კამოენსს იმ პერიოდში (ჟამიანობის წელს) უწია აღსასრულმა,როდესაც მისი უსაყვარლესი სამშობლო დამოუკიდებლობას კარგავდა. „მე ვკვდები არა მხოლოდ სამშობლოში,არამედ სამშობლოსთან ერთადო”, – ამიტომაც აღმოხდა ეს სასოწარკვეთილი სიტყვები მომაკვდავ მამულიშვილს. 1580 წლის 10 ივნისს ლუიშ დე კამოენსი ჭირმა იმსხვერპლა.მას სხვათა მსგავსად არ დარჩენია საკუთარი დაკრძალვისათვის საჭირო ფული,რის გამოც გენიალური პორტუგალიელი პოეტი შემოწირულობების ხარჯზე იქნა დაკრძალული წმინდა ანას ტაძარში. – (ავტორი გენია.ჯი)
ლუიშ დე კამოენსის საფლავი