ოთარ ჭილაძე – „ოთახში ისევ ვიღაცა დადის…”
ოთახში ისევ ვიღაცა დადის,
თუმცა მე ისევ ვერ ვარჩევ სახეს
და მისი ხელი,ხელი თუ თათი,
ჩემს უჯრებს ურცხვად ამტვრევს და აღებს.
* * *
მე მხოლოდ მიკვირს და მერიდება,
შევხედო კარგად ან ვკითხო რამე.
და მისი ჩრდილი,უშნო და დიდი,
აწყდება საწოლს,მაგიდას,სკამებს…
* * *
მე ალბათ დიდხანს მემახსოვრება,
მე ახლაც რწმენით და შვებით მავსებს,
რომ ჩემი წილი გზა და ცხოვრება
აინტერესებს ვიღაცას ასე.
* * *
მაგრამ ამ საწყალს რა ეშველება,
ვერ გამდიდრდება ჩემი რვეულით,
უბრალო ჩრდილად თუ მოჩვენებად,
თუ გზააბნეულ ქურდად ქცეული.
* * *
ჩემი სიმდიდრე და სიღარიბე
არც საეჭვოა,არც დასამალი.
და უკვე პირველ სალამს არიგებს
და მთელი გულით ყივის მამალი.
* * *
სამაგიეროდ,დრო გაქრა ფუჭად,
დანატრებული შენს ცეცხლს და სურნელს,
ისევ მარტო ვარ და თვალებს ვხუჭავ,
მე უშენობა მტანჯავდა თურმე.
* * *
მე თვალებს ვხუჭავ და კვლავ გეხები,
კვლავ მეკარგები და კვლავ დაგეძებ.
დე, იხმაურონ შენმა ფეხებმა
ქვაფენილებზე,იატაკებზე…
* * *
გათავდა! ასე თავდება ზუსტად
ხანმოკლე,მაგრამ მშფოთვარე ძილიც.
და მზეზე,როგორც ფერადი ბუშტი,
ცახცახებს მამლის ამაყი ჩრდილი.