თებერვალი მარტზე ბრაზობს!
„თებერვალი კბილებს აკაწკაწებს, ცინგლი ჩამოდის – მთელ ქვეყანაზეა გაგულისებული, აღრენილი – ერთი იმდენი ძალა მომცა, დიდიან-პატარიანად, ყველანი ყინულად ვაქციოო. გულზეა გახეთქილი, დღეები რომ ჩამოაჭრეს, დაამოკლეს. ყველაზე ძალიან კი მარტზე ბრაზობს მაინც, მარტს ვერ იტანს: მაშინვე მოშლის ჩემს კვალსო,ხელახლა გადაამწვანებს აქაურობასო. დიახაც! აბა, ტყუილად იბრძვის ქარი?! ჯერ გაზაფხული უნდა მოაბრძანოს,ვიდრე ჩადგება,ვიდრე მოკვდება. მართლაც,რაღა დარჩა?! ცოტაც და, მობრძანდება გიჟი მარტი. ჯერ ღინღლივით დააჩნდება ეზოებს მკრთალი,წყალწყალა,გაუბედავი სიმწვანე. გამოიღვიძებს ბუნება,სიცოცხლისკენ შემობრუნდება. მინდორი მოიხვნება,ვენახი გაისხვლება. სახნისით ამობრუნებული მიწა შავად შემოგვანათებს,სიღრმის სურნელს შემოგვაფრქვევს სახეში. ორთქლიან ბელტებზე ნაზამთრალი ყვავები დასკუპებულან,დარბაისლურად საუბრობენ: ეს რა ზამთარი იყო, ყვაა, ლამის გავთეთრდით, ყვაა. თებერვალი ბერავსო,მარტის კაბას კერავსო. გამობრძანდება ახალ კაბაში,სიხარულისგან სახეალეწილი,თვალებგაცისკროვნებული,დაბზრიალდება ადილზე,აიფრიალებს კაბის კალთებს,დაგვანახებს კოხტა წვივებს. მაგრამ იქამდე ჯერ კიდევ ბევრი წყალი ჩაივლის,მოლოდინის,იმედისა და ნატვრის მთელი საუკუნე გათავდება,ვიდრე ხე აყვავდება ისევ,ვიდრე კვირტს გამოიტანს,ვიდრე ნაყოფს დაისხამს და ვიდრე ის ნაყოფი მოიწევა და მოილევა”. – (ავტორი გენია.ჯი)