მორის ფოცხიშვილი – „ნადირობა”
ჭალაში ბალანაშლილი
თეთრი სეტერი ქრის…
მწყერი ბალახში წრიალებს,
აფრინდება და… ფრრი…
* * *
სანამდე არ აფრინდება,
არავინ ერჩის მწყერს.
ვაიმე, ჩემი სიცოცხლეც
იქნებ ასეა დღეს.
* * *
ვიდრე მიწაზე დავდივარ,
ყველა სიკეთეს მგვრის,
- ავფრინდები და… ვაიმე…
ავფრინდები და ფრრი…
ტყვიაც იწივლებს შურისა,
მთლად მიმიმსხვრევენ ფრთებს,
სანამდე არ აფრინდება,
არავინ ერჩის მწყერს.
* * *
შავი საფანტი ირევა…
თეთრი სეტერი ქრის…
მე მაინც უნდა ავფრინდე,
- ავფრინდები და… ფრრი…