„სიმახინჯე”
„სიმახინჯე შემთხვევით გაჩენილი ანდა შემთხვევით გადარჩენილი სიცოცხლეა,ბედისწერაა მისი დედ-მამა და ამიტომაც გარდაუვალიცაა,გაუთვალისწინებელი გარდაუვალობაა,რომლის გათვალისწინება ჩვენ თუ არ გვინდა,მაინც ყოველთვის უდროო დროს გამოგვეცხადება ხოლმე ლოთი ნათესავივით და იმის ნაცვლად,რომ კარი მივუხუროთ,გავაძევოთ,ვუსაყვედუროთ მაინც,ღიმილით ვუზიდავთ საჭმელ-სასმელს,გამოსაჩენ ადგილასა ვსვამთ,რათა უარესი სისულელე არ ჩაიდინოს,უარესად არ მოგვჭრას თავი უცხო და საპატიო სტუმრებთან. სიმახინჯეც ასეა,სიმახინჯისაც ეშინიათ და იმის მაგივრად,რომ მუსრი გაავლონ.ამოქოლონ,ყველა გზა გადაუკეტონ,მოგონილი თანაგრძნობით შესცქერიან,გზას უთმობენ,წინ ატარებენ,ოხრავენ და ვიშვიშებენ,თითქოს ოდნავ მაინც შეუძლიათ იგრძნონ და განიცადონ ის,რასაც მახინჯი გრძნობს და განიცდის. სინამდვილეში,სიმახინჯე ზიზღს,აღშფოთებასა და ძრწოლვას იწვევს მნახველში,რასაც თანაგრძნობის ნიღბით მალავენ. მაგრამ,აბა,ერთი ბოდბისხევის ბაზარშიც გაიარეთ იმ დღეს,როცა ბაზრის მოედანზე ჯამბაზები მახინჯებს ანსახიერებენ! მუცლები ხელით უჭირავთ,ერთმანეთს აწყდებიან,სიცილისაგან ცრემლი სდით,რადგან ვითომ ყრუ,ვითომ მუნჯი,ვითომ კოჭლი,ვითომ კუზიანი და ვითომ ბრუტიანი ჯამბაზები ამასხარავებენ იმას,რისიც მათ ეშინიათ, სიმახინჯეს! ხალხი უცნაურია,ცალ-ცალკე რისიც ეშინიათ,ერთად თავშეყრილნი იმაზე სიცილით კვდებიან. აბა,ნამდვილი ყეენის ჩამოვლისას ჩაეფხუკუნა ვინმეს,თუ ვაჟკაცი იყო. აქლემზე უკუღმა შემომჯდარ ვითომ ყეენს კი რაღას არ ეძახიან,რაღას არ ესვრიან,რადგან ვითომაა,ტყუილია,დახატულია,უძლური ჯავრის ამოსაყრელი. ამიტომაც უყვარს ხალხს ჯამბაზები,ყველაფერს აბაიბურებენ: სიკვდილსაც,ბოროტებასაც,სიმახინჯესაც, და ამავე დროს წვრთნიან კიდეც ხალხს სიკვდილთან,ბოროტებასთან და სიმახინჯესთან შესახვედრად,როგორც გამოცდილი მეომრები წვრთნიან კაცის კვლაში ახალწვეულებს ნახერხით გატენილი ტომრებითა და ჩამოწერილი,ყავლაგასული იარაღით. მაგრამ,ჯამბაზებისაგან განსხვავებით,მახინჯები არაფერს იგონებენ,რაც აბადიათ,ყველაფერი ნამდვილია,ნაღდია და ხალხის გასაცინებლად კი არ მოსულან ამქვეყანაზე,არამედ – გასაფრთხილებლად,ჭკუის სასწავლებლად”. – (ავტორი გენია.ჯი)