ჟან-ლეონ ჟერომი – „ჭეშმარიტება”
„ჭეშმარიტება” – რომლის სრული სახელწოდება გახლავთ – „ჭეშმარიტება, ამომავალი ჭიდან, შეიარაღებული შოლტით კაცობრიობის დასასჯელად”, წარმოადგენს გენიალური ფრანგი მხატვრისა და სკულპტორის – ჟან-ლეონ ჟერომის (1824-1904 წლები) მიერ ტილოზე ზეთის საღებავების გამოყენებით დახატულ შედევრ-სურათს. (ავტორი გენია.ჯი) ტილოს სიმაღლე 91 სანტიმეტრია,ხოლო სიგანე – 72 სანტიმეტრი. მასზე მუშაობა ავტორმა 1895 წელს დაიწყო და 1896 წელს დაასრულა. ნიშანდობლივია ის გარემოება,რომ აღნიშნული ტილოს დახატვა ჟერომს საყოველთაოდ ცნობილმა და ფრიად გახმაურებულმა „დრეიფუსის საქმემ” შთააგონა. ეს ის ებრაული წარმომავლობის მქონე ფრანგი არტილერიის უდანაშაულო ოფიცერი – ალფრედ დრეიფუსი გახლდათ,რომელიც ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე დასაჯა ფრანგულმა მართლმსაჯულებამ,რამაც უდიდესი რეზონანსი გამოიწვია საზოგადოებაში და რამაც მიწასთან გაასწორა იმ პერიოდის ფრანგული მართლმსაჯულების სისტემა.
ტილოზე დიდებული ალეგორიული სახითა და ერთობ მეტყველი გრძნობით არის ასახული ჭიდან ამომართული შიშველი ქალი,რომელიც თავის თავში – შიშველ ჭეშმარიტებას გულისხომს. მას ხელთ უპყრია შოლტი,რომელიც ასევე ალეგორიული სახით წარმოგვიდგენს მისი ჭიდან ამოსვლის ნამდვილ მიზანს – კაცობრიობის გაშოლტვას,გამათრახებას,მის დასჯას. რათა ამ გზით იძიოს შური კაცთა მოდგმის მიერ ჩადენილი საშინელი უსამართლობის გამო (უმთავრესად მხედველობაში მხატვარს რაღა თქმა უნდა,ალფრედ დრეიფუსის მიმართ გამოტანილი უკანონო განაჩენი ჰქონდა). (ავტორი გენია.ჯი) როგორც ზემოთ ავღნიშნეთ,ჟერომმა ჭიდან ამომავალი ჭეშმარიტება ულამაზესი ახალგაზრდა შიშველი ქალის სახით წარმოგვიდგინა,რითაც ხაზი გაუსვა იმ გარემოებას,რომ ნებისმიერი სახის სიმართლე და ჭეშმარიტება შეუძლებელია მშვენიერი და ლამაზი არ იყოსო. მიუხედავად ქალის სინატიფისა,მას სახეზე მაინც აშკარად ეტყობა აღშფოთების კვალი. იგი ისეა ასახული,თითქოს ეს-ესაა დაყვირებას აპირებსო. ჟან ლეონის მიერ დახატული შედევრი-ტილოს კომპოზიცია დება-პონსანის შექმნილი იმავე სახელწოდების მქონე სურათის კომპოზიციას ჩამოჰგავს,რომელიც თავის მხრივ,ასევე „დრეიფუსის საქმისადმი” იყო მიძღვნილი.
ჟერომის ბიოგრაფის – პოლ-მორო ვოტიეს გადმოცემის თანახმად, „ჭეშმარიტება” დიდი ხნის განმავლობაში ეკიდა ავტორის საძინებელ ოთახში,მისი საწოლის ზემოთ,კედელზე. ბიოგრაფისვე მტკიცებით,ავტორს ძალიან უყვარდა აღნიშნული ტილო და როდესაც იგი თავის საწოლში გარდაცვლილი აღმოუჩენიათ,ჟერომის სახე სწორედ იმ სურათისაკენ ყოფილა მიპყრობილი,რომელიც მისი საწოლის თავზე იყო განთავსებული.
1978 წელს ჟან-ლეონ ჟერომის სურათი – „ჭეშმარიტება,ამომავალი ჭიდან,შეიარაღებული შოლტით კაცობრიობის დასაჯელად” შეძენილი იქნა საფრანგეთის ქალაქ მულენში არსებული „ანა დე ბოჟიოს სახელობის მუზეუმის” მიერ,სადაც იგი დღემდეა დაცული. – (ავტორი გენია.ჯი)
ჟან ლეონ ჟერომი
დება-პონსანი – „ჭეშმარიტება”