როგორ დაახასიათა მამა თედორე შალიაპინმა თავის მოგონებებში?
გენიალურმა რუსმა საოპერო მომღერალმა და არტისტმა – თედორე შალიაპინმა (1873-1938 წლები) თავისი ცხოვრებისა და მოღვაწეობისადმი მიძღვნილ ავტობიოგრაფიულ წიგნში – „ჩემი ცხოვრების ფურცლები”,მამამისი – ივანე შალიაპინი (1837-1901 წლები) შემდეგი სახით დაახასიათა: „მამაჩემი უცნაური კაცი იყო. ტანმაღალი,გულმკერდშეზნექილი და წვერშეკრეჭილი. გლეხს არა უგავდა რა. რბილი,ფაფუკი თმა ყოველთვის ლაზათიანად ჰქონდა დავარცხნილი. ისე ლამაზად დავარცხნილი თმა მეტად არც კი მინახავს. ძალიან მსიამოვნებდა ხელს რომ გადავუსვამდი. სიფხიზლეში უენო კაცი იყო. მხოლოდ აუცილებელ სათქმელს თუ იტყოდა და იმასაც ძალიან ჩუმად,თითქმის ჩურჩულით. მე ალერსიანად მექცეოდა,გაბრაზებისას კი რატომღაც „სკვაჟინას” (ჭუჭრუტანას) მეძახდა.
არ მახსოვს სიფხიზლეში უხეში სიტყვა ეთქვას,ან უხეშად მოქცეულიყოს. თუ რამე არ მოეწონებოდა,მაშინვე გაეცლებოდა იქაურობას. გაბრაზებას ყოველთვის კბილების კრაჭუნით ფარავდა,თუმცა,თავის შეკავება მხოლოდ გარკვეულ დრომდე,დათრობამდე შეეძლო. მის დასათრობად კი ორი-სამი სირჩა არაყი კმაროდა. მაშინ ჩემს თვალწინ უკვე სულ სხვა კაცი იდგა. უსიამოვნო შესახედი,ყოველგვარ წვრილმანზე ახირებული და გესლიანი.
მთვრალი ადამიანები საერთოდ მეზიზღებოდნენ,მით უფრო ვერ ვიტანდი მთვრალ მამას. მის მაგივრად მე მრცხვენოდა ამხანაგების. რამდენჯერ მიფიქრია: – ნეტავ რა არის ეს სიმთვრალე? და აი,ერთხელ მოვსვი კიდეც არაყი, – მწარე,აყროლებული სითხე. მესმის კაცს ბურახის ან მჟავე კომბოსტოს შჩის დალევა ესიამოვნოს,მაგრამ რად უნდა სვამდნენ ამ საწამლავს? დავასკვენი,უთუოდ სიმხნევისათვის სვამენ,იმისათვის,რომ იჩხუბონ-მეთქი. (ავტორი გენია.ჯი) ის კი,რომ მთვრალმა კაცმა უნდა იჩხუბოს,სრულიად კანონიერ და აუცილებელ ამბად მიმაჩნდა – ყველა მთვრალი ჩხუბობდა.
სიმთვრალეში მამაჩემი თითქმის ყველა შემხვედრს უხირდებოდა,ვინც ასე თუ ისე თვალში არ მოუვიდოდა. უცნობს ჯერ ზრდილობიანად მიესალმებოდა,დაბალი ხმით მასლაათს დაუწყებდა,ვითომდა მისი დიდი კეთილის მსურველი იყო. რამდენჯერ მინახავს,რომელიმე რიგიანად ჩაცმულ კაცს მოღიმარი სახით თავაზიანად დაუხრია თავი მამაჩემის ხმადაბლა წარმოთქმული სიტყვების უკეთ გასაგონად და ყურადღებით უკითხავს:
- რა ბრძანეთ?
მამა კი უეცრად ასეთ რამეს ეტყოდა:
- მინდა ერთი ვიცოდე,ეს ცხვირი ღორის დინგს რატომ მიგიგავს?
ანდა:
- არ გრცხვენია,ასეთი დაღრეჯილი სიფათი რომ გაქვს?
გამვლელიც,რასაკვირველია,გააბამდა ყვირილს,აგინებდა მამაჩემს, – სწორედ შენ გაქვს არაადამიანური სიფათი,ნამდვილი გიჟი ხარო.
როდესაც არყით იწამლებოდა,აყალმაყალს ტეხდა. ეს იყო წარმოუდგენელი საშინელება; ადამიანები კარგავდნენ თავიანთ ადამიანურ სახეს,უაზროდ ყვიროდნენ,ჩხუბობდნენ,ტიროდნენ,ტალახში ეფლობოდნენ, – ამ დროს ცხოვრება საშინელი და საზარელი ხდებოდა.
ამის შემდეგ კი,ნაბახუსევზე,მამაჩემი მთელი დღე და ღამე საწოლში იწვა და ყინულიანი ბურახის სმას იწყებდა. – (ავტორი გენია.ჯი)
ივანე შალიაპინი