„უბედურია ადამიანი,რომელიც “
„უბედურია ადამიანი,რომელიც ტანისამოსის მსგავსად ხშირად იცვლის ოჯახსაც და რჯულსაც, თავმოყვარეობას, მოვალეობისა და შიშის გრძნობას, და როგორც თაკარა მზის ქვეშ ნავალი მგზავრი – უცხო მდინარეში, დაუფიქრებლად, დაუდევრად შევა. ასეთი არსებისათვის აზრი აქვს დაკარგული ყოვლისმომცველ სიანკარესა და კეთილშობილებას; უბედურია კაცი,რომლის ცხვრის ფარასავით მომრავლებულმა მრავალრიცხოვანმა ცოლებმა ყოველთვის შეუმცდარად იციან,საიდან და ვისგან ბრუნდება იგი შინ. შინ დაბრუნებული კი ნებიერად იღიმება მისივე ქმედებიდან მიწასთან გასწორებული და უკიდურესად შეურაცხყოფილი ცოლების უბადრუკ ბუზღუნზე; უბედურია ადამიანი,რომელსაც სინდისი არ ქეჯნის და უბედურია ადამიანი,რომელსაც ოჯახი ვალი ჰგონია,თავისი თავი კი – ჯილდო; უბედურია ადამიანი,რომელიც ერთმანეთის მიყოლებით გაჩენილი შთამომავლობის თვალებში – რისხვას ამოიკითხავს. ასეთი კაცისთვის ფასი არ აქვს არც ჯალაბს და არც საქონელს… არც კაცობას… უბედურია ადამიანი,რომელსაც თავისი ბილწი სული სევდის ვირთხის შიგნიდან შეპარვის ჟამს ახსენდება და ისე ექცევა მას,როგორც მოპარულ საქონელს; უბედურია ადამიანი,რომელიც გამუდმებით იბრძვის იმისთვის,რომ სინდისი,ეს „ღვთის მოციქული” ადამიანში ერთხელ და სამუდამოდ მოიშოროს თავიდან,ან დროულად და საიმედოდ გადამალოს მაინც. მით უფრო,რაც უფრო დამღიანია ეს საქონელი; უბედურია გაბოროტებული ადამიანი,რომელსაც კი აიძულებენ ცხოვრებას დაუბრუნდეს,ისევ იქცეს მამაკაცად,ისევე გაერიოს ღირსეულ ადამიანებში,მაგრამ თავად ამბობს უარს ყოველივე ამათზე,რადგან არ გააჩნია არავითარი ადამიანური და შესაბამისად,არც არის – ადამიანი! უბედურია სინანულის არ მქონე ადამიანი,რომელიც სანანებლად უხდის საქმეს ოჯახს; უბედურია ადამიანი,რომელიც თავისი სიბრიყვის გამო სამარადჟამოდ შერცხვა ღვთისა და შთამომავლების წინაშე. მით უმეტეს ტიტლიკანა შთამომავლებისა; უბედურია სირცხვილის გრძნობის არ მქონე კაცი,რომლის ავი ნაგაზების მსგავსად მყეფავი ცოლები მისივე მსგავსნი არიან,თუ უარესნი არა; უბედურია ყველას,ყველაფრის და ყოველისფერის გამყიდველი,გამცემი,სულით მდაბალი ადამიანი; და ბოლოს,უბედურია ადამიანი,რომელმაც ოჯახშიც შეირცხვინა თავი და ოჯახის გარეთაც!”