გი დე მოპასანის შესახებ…
„მე მოვითხოვ მმართველ კლასთა განადგურებას, ჩლუნგ ბატონთა ხროვის მოსპობას,რომლებიც იქექებიან იმ ბებერი ღვთისმოსავი და სულელი როსკიპის კაბებში,მაღალი საზოგადოება რომ ეწოდება. დიახ,მე დღეს მიმაჩნია, რომ 1793 წელი რბილი იყო,რომ სექტემბრელებმა ლმობიერება გამოიჩინეს, რომ მარატი ბატკანია, დანტონი – უმანკო ბაჭია, ხოლო რობესპიერი – მტრედი. რაკი ძველი მმართველი კლასები ამჟამად ისევე უგუნურნი რჩებიან,როგორც მაშინ იყვნენ,ისინი ამჟამად ისევე უნდა მოისპონ,როგორც მაშინ, და წყალში არიან გადასაყრელი ლამაზი კრეტინი ბატონები მათ ლამაზ კახპა ქალბატონებთან ერთად”. – ალბათ ყველა საღად მოაზროვნე ადამიანისთვის იოლი წარმოსადგენი იქნება,თუ რაოდენ მრავლად ეყოლებოდა ასეთი სიტყვის ავტორს გავლენიანი მტრები. ეს კარგად უწყოდა თავადაც,დიდმა ფრანგმა მწერალმა და ნოველისტმა – ანრი რენე ალბერ გი დე მოპასანმა (1850-1893 წლები),რომელსაც საკუთარ თავზე არაერთხელ უწვნევია მათი გააფთრებული შემოტევები. (ავტორი გენია.ჯი) მიუხედავად ამისა, „ლამაზი მეგობრის” ავტორი მაინც დიდი სიყვარულით შეჰხაროდა სიცოცხლეს. „იცით,ცხოვრება ვერაა მაინცდამაინც კარგი,მაგრამ არც ისე ცუდია,როგორც ჰგონიათ ხოლმეო”, – ამბობდა იგი. როგორც ზემოთ ავღნიშნეთ,მოშურნეებმა და მტრებმა დიდ ფრანგ მწერალს მრავალი მტკივნეული დარტყმა მიაყენეს. თუმცა ყველაზე განსაკუთრებული დარტყმა სიცოცხლის უკანასკნელ ეტაპზე აგემეს. 1890-იან წლებში რამდენიმე გაზეთში გაჩნდა მოპასანის „კეთილისმსურველი” ჟურნალისტების ცნობა იმის შესახებ,რომ ლიტერატორის ფსიქიკური ჯანმრთელობა ძლიერ შეირყა და რომ მას მალე ფსიქიატრიულ კლინიკაში გამოკეტავდნენ. გავლენიანი გვამების მიერ მოსყიდული სხვა ჟურნალისტები თავიანთ სტატიებში გესლიანად კითხულობდნენ – „უკვე გაგიჟდა თუ არაო?” ასეთმა აღვირახსნილმა შემოტევამ,რომელიც მწერლის მიმართ ნხორციელდებოდა,მოპასანის ფსიქიკური ჯანმრთელობა კიდევ უფრო დაამძიმა,რამაც თავის მხრივ, შედეგი 1892 წლის 2 იანვარს გამოიღო: ლიტერატორმა თვითმკვლელობის ჩადენის მიზნით ყელში დანა დაირტყა. სიკვდილს გადარჩენილი მწერალი მედიკოსებმა უმალვე ფსიქიატრიულ კლინიკაში გადაიყვანეს სამკურნალოდ. „ბედის ირონიის” მეტს ვერას უწოდებ იმ გარემოებას,რომ ბედშავ ფრანგ მწერალს,რომელსაც იმთავითვე პანიკურად სტანჯავდა გაგიჟების შიში,სიცოცხლის უკანასკნელი პერიოდის გატარება სწორედ რომ ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მოუხდა გონებაზე შეშლილს. – (ავტორი გენია.ჯი)