ქალაქ ბამიანის ტრაგიკული ხვედრი…
ჩინგიზ-ყაენის დაქვემდებარებაში მყოფი მონღოლი მეომრების განსაკუთრებულ სისასტიკესა და ულმობლობაზე რომ გარკვეული წარმოდგენა შეგვექმნას,ერთ პატარა ისტორიას გავიხსენებ მათი „საქმენი საგმირონიდან”. (ავტორი გენია.ჯი) ავღანეთის ცენტრალურ ნაწილში,ქვეყნის დედაქალაქ ქაბულის დასავლეთით განთავსებულმა ქალაქმა – ბამიანმა მონღოლ დამპყრობლებს გააფთრებული წინააღმდეგობა გაუწია. ქალაქის მამაცი დამცველები დიდი ხნის განმავლობაში უმკლავდებოდნენ რიცხვით მათზე აღმატებულ მტერს. ბამიანის აღებისათვის გამართულ ბრძოლებში მონაწილეობას იღებდა ჩინგიზ-ყაენის შვილიშვილი (ჩაღათას ვაჟი) – მუთუგუნი,რომელიც ქალაქიდან გამოსროლილმა ისარმა იმსხვერპლა. ამ ფაქტმა იმდენად განარისხა ყველგან სისხლის მორევის დამყენებელი უგულო ჩინგიზ-ყაენი,რომ შურისძიებით გაცოფებულმა,ქალაქის აღების შემდგომ ბრძანება გასცა – გაეჟლიტათ არა მხოლოდ ბამიანის ყველა მცხოვრები განურჩევლად,არამედ ყოველგვარი ცხოველი,შინაური თუ გარეული,რასაც კი ისინი ქალაქში წააწყდებოდნენ. ყველაზე საკვირველი ის ფაქტია,რომ გამძვინვარებული მონღოლები ხეებზე მყოფ ჩიტებსაც კი ავლებდნენ მუსრს… მონღოლებს ქალაქიდან არ წაუყვანიათ არც ერთი ტყვე,არ წაუღიათ არავითარი ნადავლი. და როდესაც ყოველივე გაწყვიტეს და ამოხოცეს,ცეცხლს მისცეს და მიწასთან გაასწორეს,გამხეცებულმა მონღოლებმა სრულიად გადახნეს და უდაბნოდ აქციეს ბამიანის ტერიტორია,რათა აღარასოდეს ყოფილიყო შესაძლებელი მისი აღორძინება. – (ავტორი გენია.ჯი)