ოთარ ჭილაძე წერდა…
„ვინ რა იცის,მართლა რითი მთავრდება სიკვდილი?! ვინ რა იცის,რა არის კაცის სიცოცხლე?! არაფერი. წუთი. წამი. შემოჰკრა ქარმან და სწრაფ გააქრო. მაგრამ თუკი,როგორმე,წარსულში შებრუნება შესძელი,მერე კი წარსულიც გადალახე,მარადისობაში აღმოჩნდები თურმე და აღარასოდეს მოკვდები. აღარასოდეს აღარ მოკვდები. განა ამას არ ნატრობს ჩუმის ნატვრითა ადამიანი?! სულ ამაზე ოცნებობს,ზღაპარია,ლექსია თუ ლეგენდა. უკვდავების წყალს მოიტანს,დააპკურებს ძვირფას მკვდარს,ბოთლში ჩარჩენილს თვითონ დალევს და დაიწყებს ბედნიერ ცხოვრებას,ღრმა სიბერემდე,გამაიმუნებამდე,ვიდრე მატლი არ ააღოღდება,ილიას მკვლელივით. უკვდავება არ არსებობს,ხოლო სიცოცხლე,ხანგრძლივიცა და ხანმოკლეც,სიკვდილთან შეჩვევაა და მეტი არაფერი. თავიდანვე ამიტომ ეძლევა ადამიანს სიცოცხლე – სიკვდილისათვის რომ მოემზადოს. მოსამზადებელი დროა,აი,როგორც მოწაფეებს ეძლევათ გარკვეული დრო ამა თუ იმ საგნის მოსამზადებლად. თუ დროში ვერ ჩაეტიე,ჩაიჭერი,ანუ,ღირსეულად ვერ მოკვდები,გამაიმუნდები,ქვეყანას აიკლებ ამაო წუწუნით,კვნესითა და მუდარით: არ შემიძლია,მზად არა ვარ. არ მინდა. მეშინია… სამარცხვინო საქციელია და მეტი არაფერი. ფუი,ამისთანა სიცოცხლეს. წასვლა სჯობს წამავალსაო. მაინც ვერ დარჩები. ვერავინ დაგტოვებს. გინდაც ხელმწიფის ბიძაშვილი იყავი. ვერც დაგაბრუნებს. ერთხელ არის წასვლაც და მოსვლაც. ამიტომ,რაც უფრო ადრე განეწყობი სასიკვდილოდ,მით უკეთესი. მერე მშვიდად იცხოვრებ დარჩენილ დროს,შეიძლება,რაღაც-რაღაცები მოასწრო კიდეც,რადგან სულერთი იქნება,როდის მოგიკაკუნებს სუდარიანი,როდის დაგადგება კბილდაკრეჭილი,მხარზე ცელგადებული”. – (ავტორი გენია.ჯი)