ალექსანდრე პუშკინი – „ელეგია”
გიჟური წლების გარდასული ლხინი,ღრეობა
მამძიმებს,როგორც ბუნდოვანი ნამთვრალეობა.
მაგრამ ჩემს გულში,როგორც ღვინო,განვლილი ჯავრი,
რაც უფრო ძველობს,იმდენადვე უფროა მძლავრი.
გზა დამეღრუბლა. შრომასა და ნაღველს მპირდება
მძიმე ცხოვრების სამერმისო ზღვის აზვირთება.
მაგრამ არა მსურს,მეგობრებო,სიკვდილი კიდევ!
მინდა ფიქრის და ტანჯვისათვის ცოცხალი ვვლიდე,
და მწამს,რომ კვლავაც მეღირსება მე სიხარული,
სევდის,ზრუნვის და მღელვარების ქვეშ დაფარული:
კიდევ დამათრობს ჰარმონიის ნაკადი ტკბილი,
ბევრჯერ ოცნებას დამისველებს ცრემლები თბილი
და ბოლოს ეგებ სიყვარულმაც დანაშთი დღენი
უკანასკნელად გამიშუქოს ღიმილის ფენით.