ვერიკო ანჯაფარიძის მოგონებებიდან…
„ღამეა… საავადმყოფოში ვწევარ. ჩემს პალატაში ყველას სძინავს. შემოდის მორიგე ექიმი. ვეკითხები: „როგორ არის მარჯანიშვილი?” მძიმე ოპერაციის შემდეგ ისიც ამავე საავადმყოფოში წევს. „სწუხს, შფოთავს, ტკივილები აწუხებს”. ავდექი,ძლივს მივაღწიე მის პალატამდე. კოტე გულგაღეღილი წევს,კვნესის,ფრთხილად შევახე ხელი მის ხელს.
- შენ ხარ,ვერიკო? დაჯექი,ცოტა ხანს, – მის ხელს ვეალერსები,ვკოცნი,ხელი ცივია,მოდუნებული.
- მიამბე რამე,გამართე,დავიღალე.
- რა გიამბოთ,კონსტანტინე ალექსანდრეს ძევ? რით გაგართოთ?
- სულე რთია,რაც გინდა.
- კარგი,გიამბობთ,იცით,მე შეყვარებული ვარ,მიყვარს ერთი საუცხოო ადამიანი. მას ლამაზი სახე აქვს,დიდრონი,ანთებული თვალებით. შუატანისაა,მაგრამ გოლიათური ღონის. მას პატარა ხელები აქვს,მაგრამ ეს ხელები თვალუწვდენელ,ზღაპრულ კოშკებს აგებენ. იმ კოშკებში ცხოვრობენ ადამიანები,რომლებიც ვნებით იწვიან,მათ იციან ბრძოლა,ტანჯვა და ვაჟკაცურად დაღუპვაც. მაგრამ ამ ადამიანთა შორის ჩემს გმირს ყველაზე მეტად უყვარდა ისინი,ვინც შესტრფოდნენ სიცოცხლეს,ჭარბსა და ცხოველმყოფელს. იმათ რთავდა ის ნაირ-ნაირ ფერებში,ატკბობდა წარმტაცი მუსიკით,მათთვის არ შურდა ალერსი და სიყვარული…
- მოიცა,მოიცა, – მაწყვეტინებს მარჯანიშვილი. – ტყუილებმა გაგიტაცეს. მეც ვიცნობ იმ ვაჟბატონს! ჯერ ერთი,შენი გმირი უკვე დაბერდა და ახლა უძლური გდია. მეორე,ის ოსტატურად გატყუებთ ყველას,ის არ არის დიდი და მძლავრი,არამედ სუსტი,პატარა რეჟისორია. არ ღირს მისი სიყვარული,ვერიკო!..
დიახ,ჩემი გმირი კოტე მარჯანიშვილი იყო. მაშინ ჩვენ ყველანი შეპყრობილი ვიყავით მისდამი სიყვარულით.
მისი სახელი უკვდავია,რადგან მან ჩვენს სამშობლოს,საქართველოს დაუტოვა უდიდესი საგანძური,შესანიშნავი ქართული თეატრი”. – (ავტორი გენია.ჯი)
კოტე მარჯანიშვილი