სიმონ ჩიქოვანი – „ცხოვრების ზღვაო”
ცხოვრების ზღვაო,
არ განასხვაო
დღისა და ღამის ბრუნვა უცვლელი.
გთხოვ, დაახვავო
ვრცელ სასაფლაოს
ცაცხვის ფურცელი.
* * *
როგორც ნუგეში,
მშობელ კუთხეში,
ააშრიალე ყველა საფლავი,
და ჩემს უბეში
ჩასვი ბარტყივით
სატრფოს ვარსკვლავი.
* * *
ავს გამარიდე,
არ გავღარიბდე,
არ ჩამომენგრეს მამულში სხვენი,
მრუდე საწუთროს ავხადე რიდე,
ბედს გავურბი და მიმაფრენს ცხენი.
* * *
ვით ალიონი
მომსდევს სიონი.
მივქრი,სირბილში მტკვარს ვეჯიბრები.
გუმბათს მიაგავს ვრცელი ციონი
და ჩამქრალ სანთლებს – ჩემი ფიქრები.