ხრისტო სმირნენსკი – „გავროშის ძმები”
ქალაქო,შენ ხომ ნაშენები ხარ
სიმრუშითა და უბედურებით?!
მაშ საზეიმოდ რატომ მორთულხარ
სხივმოციმციმე ელნათურებით?!
ყოველ იისფერ საღამოს შენ ხომ
ხედავ შიმშილით ფერმიხდილ ბალღებს,
მძიმე და მკაცრი ცხოვრების დაღი
რომ დაჩენია მათ ბავშვურ სახეს.
ბედი ხომ იმათ აკვნიდან სწირავთ
და არც ჰქონიათ მათ გაზაფხული,
და აი,დგანან ქუჩების პირას
თვალებზე ქუდებჩამოფხატული.
რა საგანძური დათმე შენ მათთვის,
მდიდრებს რომ შენგან ბევრი რგებია?
ამ უპატრონო გავროშელთათვის
შენ სინათლეც კი დაგნანებია.
სავსე ვიტრინის ახლოს დგებიან,
მცირე ჯგუფებად მიმოფანტული,
და უთვალავი სატანჯველია
მშიერ თვალებში გამოხატული.
ნდომას ჩაკლავენ და ჩაივლიან
მათხოვრის ძონძში გახვეულები,
ვიტრინებში კი რჩება ბევრი რამ,
უთვალავი და გამოულევი.
ქალაქო,ვიცი ნაშენები ხარ
სიმრუშითა და უბედურებით,
და სულ ამაოდ მორთულხარ ასე
ამ საზეიმო ელნათურებით.