რა იყო ნამდვილი მიზეზი ალექსანდრე პუშკინის ტრაგიკული აღსასრულისა?
1830 წლის 18 თებერვალს გენიალური რუსი პოეტი - ალექსანდრე პუშკინი (1799-1837 წლები) სასახლის არისტოკრატიის სალონებით გატაცებულ ულამაზეს გოგონაზე - ნატალია გონჩაროვაზე (1812-1863 წლები) დაქორწინდა. (ავტორი გენია.ჯი) მალევე ოჯახი საცხოვრებლად პეტერბურგში გადავიდა,სადაც პოეტმა მუშაობა საგარეო საქმეთა კოლეგიაში დაიწყო. ქარაფშუტა მეუღლისაგან განსხვავებით ალექსანდრეს არ იტაცებდა უქნარა არისტოკრატული ბრბო,მაგრამ იგი ნატალიას კაპრიზების გამო იძულებული იყო მუდმივად ხლებოდა თავის მშვენიერ მეუღლეს სასახლის კარზე გამართულ ყველა წვეულებაზე. რამდენიმე ხანში რუსი პოეტი განსაკუთრებით შეაშფოთა იმ გარემოებამ,რომ მის ცოლს საეჭვოდ მიაქცია ყურადღება რუსეთის იმპერატორმა – ნიკოლოზ I-მა. იმ ხანებში პუშკინს ხელმწიფემ კამერიუნკერის წოდება უწყალობა. შეურაცხყოფილი პოეტი კარგად გრძნობდა,თუ რას ნიშნავდა თვითმპყრობელისაგან ეს „ყურადღება”. (ავტორი გენია.ჯი) 1834 წელს ალექსანდრე თავის დღიურში წერდა: „მე მიწყალობეს კამერიუნკერობა (რაც ჩემი ასაკისათვის საკმაოდ შეუფერებელია),მაგრამ სასახლეს სურს,რომ ნატალიამ,რომელიც იქ დიდ მოდაშია,იცეკვოს ანიჩკოვოში. ასე რომ მეც გავხდები რუსი დანჟო (დანჟო წარმოადგენდა იმ ფრანგ ლიტერატორს,რომელიც ლუი XIV-მ მასხარად აქცია)”.
ეჭვით შეპყრობილი პუშკინი ემუდარებოდა ნატალიას – „გთხოვ სასახლეში ნუ დადიხარ და ბალებზე ნუ ცეკვავო”. გულგამწყრალი პოეტი თავის მეგობარს – ნაშჩოკინს ცოლის შესახებ სწერდა: „ნატალია ბალებზე ცეკვავს და იმპერატორს ეკეკლუცება”.
ნიკოლოზ I გაფაციცებით ადევნებდა თვალყურს პუშკინის ყოველ ნაბიჯს. იგი საიდუმლოდ კითხულობდა მის წერილებს,რომლებიც განკუთვნილი გახლდათ პოეტის ცოლისადმი. ეს თავადაც კარგად უწყოდა ალექსანდრემ. „რა ღრმა უზნეობაა ჩვენი მთავრობის ყოფაქცევაში! პოლიცია ხსნის ცოლისადმი მიწერილ ქმრის ბარათს და იგი მიაქვს იმპერატორთან წასაკითხად… ნიკოლოზიც არ თაკილობს ეს თვითვე აღიაროს და მსვლელობა მისცეს ინტრიგას”. – წერდა თავის დღიურში აღშფოთებული პუშკინი.
სწორედ იმ პერიოდში ჩავიდა რუსეთში საფრანგეთიდან გადახვეწილი გვარდიის ოფიცერი,ვინმე – ჟორჟ დანტესი,რომელიც იშვილა საეჭვო რეპუტაციის მქონე ნიდერლანდების ელჩმა – ბარონმა გეკერენმა. სასახლის კარზე მოკალათებული ლამაზი გარეგნობისა და მოქნილი ქცევის ბედის მაძიებელი ფრანგი ოფიცერი ძალ-ღონეს არ იშურებდა,რომ რუსული არისტოკრატიული სალონების ყურადღება მიეპყრო.
თავისი ქვენა ზრახვების განხორციელებისათვის მან განსაკუთრებით ხელსაყრელად სცნო დაახლოებოდა პუშკინის ცოლს,რომლის მიმართაც თვით იმპერატორიც დიდ ინტერესს იჩენდა.
რამდენიმე ხანში მთელი პეტერბურგი აახმაურა დანტესის თავხედურმა საქციელმა ნატალია პუშკინას მიმართ. ყველგან,სადაც კი პუშკინის მეუღლე იმყოფებოდა,მასთან უმალ დანტესი გაჩნდებოდა და თავისი აბეზარი ყურადღებით პოეტის ცოლისადმი მაღალ საზოგადოებას მითქმა-მოთქმის მასალას აძლევდა.
ამ საქმეში გაიძვერა დანტესს მრავალი წამქეზებელი ჰყავდა. მაგრამ უცხო ქვეყნიდან გადმოხვეწილი ბედის მაძიებელ ავანტურისტს წამქეზებელი აღარ სჭირდებოდა,იგი თავადაც კარგად გრძნობდა,რომ პუშკინის ცოლთან მისი მოჩვენებითი ტრფიალება მოხერხებული საფარი იყო იმპერატორისათვის.
ნატალია პუშკინა პოეტის მტრების ხელში ბრმა იარაღად იქცა. მას არ გააჩნდა მაღალი სულიერი ინტერესები. იგი თავბრუდახვეული იყო ბრწყინვალემუნდირიან დიდგვაროვანთა და, განსაკუთრებით,ნიკოლოზ I-ს – ამ გვირგვინოსანი არამზადის ტრფიალით. შესაბამისად,სწორედ ნატალია ამ ამაო ცხოვრებით თავისდა უნებურად აჩქარებდა თავისი გენიალური ქმრის ტრაგიკულ დასასრულს,რასაც მას ხელისუფლების ტირანია უმზადებდა…
1837 წლის 29 იანვარს ალექსანდრე პუშკინი დუელში ჟორჟ დანტესმა მოკლა. იმ დუელში,რომელიც პირადად ნიკოლოზ I-ის უზნეო ინტრიგების შედეგად იქნა გამართული. ასე ტრაგიკულად ჩაესვენა რუსული პოეზიის მზე შორეთში… – (ავტორი გენია.ჯი)