ვერიკო ანჯაფარიძე – „ჩემთვის ეს სცენა ძალიან ძნელი იყო”
„მახსოვს „ოთარაანთ ქვრივის” გადაღება მიმდინარეობდა. იღებდნენ გიორგის გამოსვენებას. თუ სცენაზე შორს ხარ მაყურებლისაგან,შეიძლება მაყურებელს გამოეპაროს ზოგი წვრილმანი,თუნდაც შენი სახის მოძრაობა ან თვალების გამომეტყველება,ეკრანისათვის კი დაფარული არაფერია. იქ მსხვილი პლანი არსებობს,რომელიც აშიშვლებს ყველაფერს,ყოველი სახის ნაკვთი ნათლად ჩანს. და თუ გულის სიღრმემდე არ ხარ მართალი,შენი განცდისა არავის სჯერა. ჩემთვის ეს სცენა ძალიან ძნელი იყო. მე უნდა მთელი არსებით მეგრძნო შვილის დაკარგვა,ტანჯვა დედისა. დღის თორმეტ საათზე დაიწყო გადაღება,მე ვიპოვე განწყობილება. ისეთი გრძნობა მქონდა,თითქოს ჩემი გული სისხლისაგან დაიცალა. ფიზიკურ ტკივილსაც კი ვგრძნობდი. ასე მეგონა,დიდხანს რომ გაგრძელდეს,ვერ გავუძლებ-მეთქი. დაიწყო თუ არა გადაღება,მზე ღრუბლებს მიეფარა და მზე ხომ ერთ-ერთი აუცილებელი კომპონენტია კინოგადაღებისათვის. გადაღება შეჩერდა. უამრავი ხალხი მონაწილეობდა გადაღებაში. ყველა დაიშალა. ატყდა ჟრიამული. აგერ გაიშალა პატარა სუფრა,წამოიწყეს სიმღერა. მე გავქვავდი იმ ადგილას,სადაც ვიდექი. განძრევის მეშინოდა,რომ ასე ძნელად ნაპოვნი განწყობილება არ დამეკარგა,არ გამეფანტა. მხოლოდ საღამოს ხუთ საათზე მოხერხდა ამ სცენის გადაღება,განა შემიძლია აგიხსნათ,თუ რა ძვირად დამიჯდა ეს საათები,რა ჰქვიან ამას,თუ არა უდიდესი შრომა!
ძვირფასო მეგობრებო! შექმნა ყოველთვის ძნელია. ადამიანი ხომ იმიტომ მოვიდა ამქვეყნად,რომ თავისი მოვალეობა შეასრულოს,რაიმე შეჰმატოს მშობლიური ხალხის საგანძურს. მაშინ შეუძლია თქვას მან,რომ უქმად არ გაატარა თავისი სიცოცხლე და დატოვა კვალი ხალხის ისტორიაში”. – (ავტორი გენია.ჯი)