მუხრან მაჭავარიანი – „ღმერთო,მიცოცხლე მეგობრები!”

ღმერთო,

მიცოცხლე მეგობრები,

ვინც დღემდე მომყვა!

რა სიცოცხლეა! -

სიცოცხლე თუ უმეგობროა?!

თავს უმეგობროდ

(ღმერთმა ნუ ქნას!)

იგრძნობ როგორღა! -

თვით მეგობრებში

ხარ როდესაც

ხანდახან ობლად.

* * *

რა ბედენაა!

უკვდავების რომც იყო წყარო!

რა ოხრად გინდა! -

ოქსინოსი გესხას ლაბადა!

უკეთუ შენი კარგი საქმით

არავინ ხარობს!

თუ გინდ,ყალბადა!

* * *

ღმერთო,

მიცოცხლე მეგობრები,

ვინც დღემდე მომყვა!

ზოგი ტლანქია,

ზოგი, – რბილი,

ვითარცა თოქმა,

ხეირიანად

ლაპარაკიც არ იცის ზოგმა! -

რა ვუყოთ მერე! -

მთავარია,

არ იყოს ბოღმა!

* * *

ღმერთო,

მიცოცხლე მეგობრები,

ვინც დღემდე მომყვა!

კომენტარის დატოვება