გალაკტიონ ტაბიძე – „გესლით მავალი ვიდოდა მტრობა”

საქართველოში წინათ მრავალი,

ისტორიულად არწარმავალი,

გესლით მავალი ვიდოდა მტრობა

და სისინებდა ქვეწარმავალი.

მისგან სიბნელე არეს ჰფენია,

შეხედეთ: გესლი რაოდენია!

ის ანადგურებს ვეფხისტაოსანს,

რომ რუსთაველის ჩაჰკლას გენია.

ის შხამავს ასე უბრალოდ მზიანს

ვაჟა-ფშაველას დეკას და ღვიას,

ის წიწამურთან ილიას ხვდება

და მზიურ შუბლში უმიზნებს ტყვიას.

ყოველი კარგის წინააღმდეგი,

პირმშვენიერ დღის როს არს დამდეგი -

მშობლიურ მიწას სწყვეტს ბარათაშვილს

და სიგიჟემდე მიჰყავს ყაზბეგი.

კომენტარის დატოვება