რით დასრულდა რაფიელ ერისთავის ბიზნესწამოწყება?

უკვდავი ლექსის – „სამშობლო ხევსურისა”-ს ავტორი,დიდი ქართველი პოეტი – რაფიელ ერისთავი (1824-1901 წლები) ერთობ ხელმოკლედ ცხოვრობდა. ამას თან ერთვოდა ისიც,რომ სამსახურის არმქონე პოეტს თავის ლექსებში ჰონორარს თითქმის არ უხდიდნენ. (ავტორი გენია.ჯი) ერთ დღეს რაფიელს ნაცნობმა შესთვაზა: მოდი,სარდაფი გავხსნათ,ღვინო ბევრი მოგდის კახეთში და არაფერ სარგებლობას არ ნახულობ – ჩამოვიტანოთ ის ღვინო და აქ გავყიდოთ,დახლში ჩვენ თვითონ დავდგეთ. ზედმეტი ხარჯი რა უნდა გავწიოთო. რაფიელს ნაცნობის წინადადება ჭკუაში ჩაუჯდა – ღვინო კახეთში მართლაც ბევრი ჰქონდა,ჩამოიტანდნენ,გაჰყიდდნენ და ეკონომიკურ სიდუხჭირესაც თავს დააღწევდა. მომავალმა „პარტნიორებმა” ერთად ისადილეს,კაი კახური ღვინით თავიანთი მომავალი ვაჭრობის სადღეგრძელოც დალიეს,მერე ახსენეს ღმერთი და შეუდგნენ საქმეს.

სარდაფი პუშკინის ქუჩაზე დაიქირავეს,ქალაქის ცენტრში,ღვინო კარგი ჰქონდათ და მეტი რაღა იყო საჭირო – მუშტარი მოაწყდა! კასრები მალ-მალე იცლებოდა,საქმე თითქოს კარგად აეწყო. მაგრამ ერთი ნაკლი ჰქონდა მათ ვაჭრობას – ღვინო სულ ნისიად მიჰქონდათ,საქეიფოდ მოსულებიც ნისიად ქეიფობდნენ,ღვინოს შეუქებდნენ ხოლმე რაფიელს – მთელი ქალაქი რომ მოიარო,ამნაირ ღვინოს ვერ იშოვიო,ეუბნებოდნენ და მასპინძელსაც უხაროდა,სახე გაებადრებოდა,წერდა და წერდა დავთარში ნისიებს. გადიოდა დრო და ფული კი არავის შემოჰქონდა.

რაფიელის სარდაფის ქებამ თურმე სოფელ მეჯვრისხევამდეც მიაღწია. რაფიელის კომპანიონს ბიძა ჰყოლია მღვდელი – დევივით კაცი. თურმე რაფიელის სარდაფის ქებას მის ყურამდეც მიეღწია. იგი ერთის ამბით ჩავიდა თბილისში,სადაც დისწულს ესტუმრა. სარდაფში მისულს პირველად ეს უკითხავს – სარდაფი თუ აკურთხეთო. როცა გაიგო,არ ჰქონდათ ნაკურთხევი,იწყინა,სარდაფის პატრონები დატუქსა,აღარც დაუყოვნებია,ოლარი გადაიკიდა და კურთხევას შეუდგა. (ავტორი გენია.ჯი) მერე კი სუფრას მიუსხდნენ,ქართლური თხელი ღვინოების შემდეგ კახური დიახაც მოეწონა რაფიელის კომპანიონის ბიძას. რაფიელი კასრებიდან ჩამოსხმას და სავსე ხელადების სუფრაზე მიტანას ვერც კი ასწრებდა…

მეჯვრისხეველმა მღვდელმა სარდაფშივე დაიძინა იმ ღამეს,აქაურობას ვერ მოვშორდები,ამაზე უკეთეს ადგილას სადღა უნდა წამიყვანოთო. მეორე დღე მან ისევ სარდაფში გაატარა. მესამე დღეს ერთი ნათესავი ჰყოლია სანახავი, და ისიც სარდაფში მიიყვანა. გალაღდა ხუცესი – ეს რა კაი კაცი გავიცანიო. იგი წასვლას არ აპირებდა მანამ,სანამ ღვინით სავსე კასრებს სრულიად არ დაუცარიელებდა დისწულსა და რაფიელს. აკი დააცარიელა კიდეც. წასვლის წინ კიდევ ერთხელ შეუქია კომპანიონები და აღუთქვა,მალევე გინახულებთო. სიტყვის კაცი გამოდგა – როგორც კი გაიგო,ახალი პარტია ღვინოები მიუღიათო,ისევ გამოქანდა სოფლიდან და ისევ დააცარიელა სავსე კასრები.

ასეთი შემთხვევბიდან გამომდინარე ალბათ მარტივი გასაგებია,თუ რატომ დასრულდა მარცხით რაფიელ ერისთავის ვაჭრობა. მას შემდეგ,დიდ ქართველ პოეტს ვაჭრობისათვის ხელი აღარასოდეს მიუყვია. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>