ნიკო ლორთქიფანიძე – „მოუარეთ საქართველოს!”

„კარგა ხანია დავრწმუნდი,რომ უცნობი კარების წინ ვდგევართ… ფარდები კართა უკვე ათრთოლდენ და გაშლისთანავე ან დავინახავთ ნეტარ ბედნიერებას,ან სამარადისო წყვდიადის მსხვერპლნი შევიქნებით.

ამ აზრს ვუტრიალებ ყოველის მხრივ და ამ ნიადაგზე დამეწყო ჰალუცინაციები.

ჩემი ოთახის ფანჯრიდან ხშირად მოსჩანს თეთრი თოვლით დაფარული,მზის სხივებით აფერილი მყინვარი და შორიდან მისი ხმა ისმის,ხმა ნაზი ქალწულისა:

„მოუარეთ საქართველოს!”

მთვარიან ღამეში ბაგრატის ტაძრის ნანგრევები,თალხით მოსილ ჭირისუფალივით რომ დასცქერიან ქუთაისს,უხმოთ მეტყველებენ:

„მოუარეთ საქართველოს!”

ზოგჯერ ქუჩაში წინ გადამეღობება სულის მესაიდუმლე შოთა და ბრძანების კილოთი ამბობს:

„მოუარეთ საქართველოს!”

ღამის წყვდიადში ყურს მოვკრავ მდინარეთა გალობა-სიმღერას; იწყებს მკვირცხლი რიონი; შემოსძახებს გიჟმაჟი თერგი და ბანს ეუბნება დინჯი მტკვარი:

„მოუარეთ საქართველოს!”

ნუთუ,ბატონო ჩემო,გუშინწინ რომ კოკისპირულმა წვიმამ დაასხა,არ გაგიგონიათ გაუთავებელი,გაბმული ძახილი ყოველი წვეთისა:

„მოუარეთ საქართველოს!

მოუარეთ,

მოუარეთ,

მოუარეთ საქართველოს!” – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>