ჟან-ბატისტ არმან გიიომენი – „ეპიზოდი”
იმისათვის,რომ როგორმე თავი ერჩინა,დიდი ფრანგი იმპრესიონისტი მხატვარი – ჟან-ბატისტ არმან გიიომენი (1841-1927 წლები) გარკვეული ხნის განმავლობაში მაღაზიაში ნოქრად მუშაობდა. (ავტორი გენია.ჯი) შემდგომში გიიომენმა პარიზში,კერძოდ კი,ორლეანის რკინიგზაზე სამმართველოს კანცელარიაში განაგრძო მუშაობა. იმ იმედით,რომ ცხოვრებას ფერწერის საშუალებით მოახერხებდა,არმანმა სამსახური მიატოვა,მაგრამ როდესაც ამით ვერაფერს გახდა და ორი წელიწადი უკიდურეს სიღატაკეში მოუხდა ცხოვრება,მან მისი მეგობრის,გენიალური იმპრესიონისტი ფრანგი მხატვრის – კამილ პისაროს ხვედრის გაზიარება აღარ ისურვა (გიიომენი და პისარო ცოტაოდენ ფულს ფარდების მოხატვით შოულობდნენ) და ისევ სამსახურს დაუბრუნდა – მუნიციპალიტეტის მოხელე გახდა.
მიუხედავად იმისა,რომ ძალიან უჭირდა,პისარომ მაინც დაგმო მეგობრის ასეთი საქციელი და არმანის ქმედებას სიმხდალე უწოდა. „ასე მიხვეულ-მოხვეული არაფერი კეთდებაო”, – იტყოდა ხოლმე გიიომენის საქციელზე კამილ პისარო. და მართლაც, გიიომენმა ხელოვნების გზას მტკიცე ხელფასი ამჯობინა. თუმცა აქვე უნდა შევნიშნოთ,რომ მას შემდეგ,რაც არმანმა სტაბილური ხელფასი და მშვიდობიანი ცხოვრება არჩია იმპრესიონიზმის ბურუსით მოცულ გზას,იგი გამუდმებით საყვედურობდა საკუთარ თავს ასეთი გადაწყვეტილების მიღების გამო… – (ავტორი გენია.ჯი)