ივანე ტურგენევი & ლევ ტოლსტოი
გენიალური რუსი მწერლის - ლევ ტოლსტოისგან (1828-1910 წლები) განსხვავებით,გამოჩენილი რუსი მწერალი – ივანე ტურგენევი (1818-1883 წლები) ყოველთვის აფიქსირებდა საკუთარ შეხედულებას ამა თუ იმ ლიტერატორზე. (ავტორი გენია.ჯი) ზოგადად რომ ვთქვათ,ტოლსტოი არ მიეკუთვნებოდა იმ ადამიანთა კატეგორიას,რომელნიც მოკრძალებით არიან გამორჩეულნი. იგი ტურგენევის მსგავსად,შესანიშნავად გრძნობდა თავისი ნიჭის სიდიადესა და ძალას,რის გამოც თავი ყოველთვის თამამად ეჭირა. მას შემდეგ,რაც ტურგენევმა პირველად გაიცნო ტოლსტოი,ივანემ „ანა კარენინას” ავტორის შესახებ თავისი პირველი შთაბეჭდილება შემდეგი სიტყვებით გადმოსცა: „ – არც ერთი მისი სიტყვა, არც ერთი მისი მოძრაობა არ არის ბუნებრივი. იგი თავს იწონებს ჩვენს წინაშე და ვერაფრით ვერ ამიხსნია,რაში სჭირდება ამ ჭკვიან ადამიანს თავისი გუდამშიერი გრაფობით ყოყოჩობაო”. თავად ტოლსტოი კი არასოდეს არაფერს ამბობდა ტურგენევზე,ეს უკანასკნელი კი პირიქით,გარეშე ხალხსაც კი არ ერიდებოდა და მათი თანდასწრებით კილავდა მას.
რამდენიმე ხანში ტურგენევსა და ტოლსტოის შორის ურთიერთობა იმდენად დაიძაბა “ბოროტი ენების” გამოისობით,რომ ტოლსტოიმ ტურგენევი დუელშიც კი გამოიწვია.
„ – ძლიერ სერიოზული მიზეზიც რომ იყოს,თქვენთვის სროლა არ შეიძლება!” – აკანკალებული ხმით უთხრა ტურგენევს მეგობარმა,სახელოვანმა რუსმა პოეტმა და მწერალმა – ნიკოლოზ ნეკრასოვმა,როდესაც მისგან ტოლსტოის მიერ მისი დუელში გამოწვევის ამბავი შეიტყო. „ – ღმერთო ჩემო,ღმერთო ჩემო! მათ ერთმანეთს უნდა ესროლონ!” – ღრმად წუხდა ნეკრასოვი. „ – თავიდან უნდა ამოიგდო ტოლსტოისთან დუელზე ფიქრი,ყველაფერი უნდა გასწირო იმისათვის,რომ თქვენს შორის სროლა არ მოხდეს,თორემ ეს სამარცხვინო დანაშაული იქნებაო”. – გულახდილად ურჩია ნეკრასოვმა წასვლის წინ მეგობარს. ტურგენევმა მართლაც გაითვალისწინა ნეკრასოვის რჩევა და დუელის დღეს სტეპანოვკიდან შეგნებულად წავიდა. ასე გადაურჩა მსოფლიო ლიტერატურის ორი გიგანტი ნაადრევ აღსასრულს. იმ აღსასრულს,რომელიც კაცობრიობას უდიდეს ლიტერატურულ საუნჯეს დააკარგვინებდა. – (ავტორი გენია.ჯი)
-
ლევ ტოლსტოი