მორის ფოცხიშვილის დიდებული ლექსი – „განმარტება”

ვგონებ,ცოდვის ზღვაში ვიძირებით,

გულის გახეთქვამდე ვყვირი მე, –

„დანაღმულია დედამიწა გვირილებით,

ფეხი არ დაადგათ გვირილებს!”

* * *

არ შეცდეთ,ბალახი არ ააღელვოთ,

ვინ არის,ჩექმებით რომ ეთრევა, -

„ტყვია არ ესროლოთ მთა და მდელოს,

თოფის წამალივით ფეთქებადს!”

* * *

ინებეთ პატარა განმარტება:

სული თუნდ ფრჩხილებით დამკაწრეთ, -

ცოდვილთ ცოდვა თავზე დაგატყდებათ,

ხელი არ შეახოთ ამ ტაძრებს.

* * *

ჭირად სიყვარული შეგვეყარა,

დიდ არს ღვთის ძალა და ერის ხმა, -

გული არ ატკინოთ ჩემს ქვეყანას,

დედა-ღვთისმშობელი შეგრისხავთ.

* * *

მტრად ნუ ეკიდებით,ცუდად არ ახსენოთ,

ნურც ვინ გამოიწევთ საჩხუბრად,

ფრთხილად,ვულკანზე დგას დედამიწა

დაიღუპება და დაგღუპავთ!

* * *

სულო,თვალს და ხელს შუა მიფრინდები,

მიწა მწყურვალ ფესვებს მიგრილებს,

„დანაღმულია დედამიწა გვირილებით,

ფეხი არ დაადგათ გვირილებს!”

კომენტარის დატოვება