მორის ფოცხიშვილი – „გაკვეთილიდან გაკვეთილამდე”

ყრმობის გალიაში ჩიტივით ჩაკეტილი

ყრმობას ვეთხოვები თითქოსდა თავიდან, –

დედამ ჩამიტარა სიკეთის გაკვეთილი,

შუბლზე მაკოცა და… წავიდა…

* * *

ძველი გლობუსივით ორად გაკვეთილი

ეზოში ტრიალებდა ძველი მაგიდა, -

ქარმა ჩამიტარა ცეკვის გაკვეთილი,

თავი დამიკრა და… წავიდა…

* * *

ზეცა ჩამომექცა დარდის დარად,

არადა, შეცოდება არ მინდა,

სიმღერის გაკვეთილი წვიმამ ჩამიტარა,

გაშალა ქოლგა და… წავიდა…

* * *

ტირიფი იყო მორებად დაჩეხილი,

რეკდა მწუხარების ზარი და

ტირიფმა ჩამიტარა ტირილის გაკვეთილი,

თვალი ჩამიკრა და… წავიდა…

* * *

იყო სიტყვა ჩემი წუთით აღკვეთილი,

მაინც მამხნევებდნენ მაღლიდან, -

სიცოცხლემ ჩამიტარა გაკვეთილი,

გული მატკინა და… წავიდა…

კომენტარის დატოვება