მორის ფოცხიშვილი – „უკვდავსაყოფად შენდა”
მეც ისე, როგორც ყველა ქართველი,
ლექსს ვწერ, სჯა-ბაასს ვბედავ,
და ვიწვი, როგორც შენი სანთელი,
გასაბრწყინებლად შენდა.
* * *
შენი მათრახის წრეში ვექცევი,
ვიცი, კვლავ მაქცევ მხედრად, -
და თუ მუხლს ვიდრეკ, მუხლზე ვეცემი
ასამაღლებლად შენდა.
* * *
ვით შენს ერთგულ ყმას ხელი ჩამკიდე,
ნუმც მომიშორებ მეტად, -
შენს ნაფუძარზე უნდა დავმკვიდრდე
დასამკვიდრებლად შენდა.
* * *
ნუ შეგაშფოთებს ჩემი სიბერე,
ო ,სიჭაბუკის ელდავ,
კვლავ თუ ვიმღერებ, ალბათ ვიმღერებ
ასამღერებლად შენდა.
* * *
მთები, ველები, ზვრები, კორდები,
რწმენად, იმედად, ბედად, -
ოდეს მოვკვდები, ვიცი მოვკვდები,
უკვდავსაყოფად შენდა!