მორის ფოცხიშვილი – „მკვდრული სიჩუმე”

ვინ შეადარა დუმილი სიკვდილს,

ვინ სთქვა პირველად „სიჩუმე მკვდრული”, –

ყველაზე მეტად სიკვდილი ყვირის,

ყველაზე მეტად ხმაურობს გული.

* * *

იცი, რა ანგრევს ჩაკეტილ ოთახს,

იცი, რას ამბობ დაცლილი ჭიქით, -

ყველაზე უფრო ბალახი მოსთქვამს,

ყველაზე მეტად ძაგძაგებს ფიქრი.

* * *

ჰაერი სტკივა მოქნეულ ფიწალს,

თქვი, რაც ჯერ კიდევ არ გითქვამს, ქარო, -

ქვა დააგდეს და იყვირა მიწამ,

ფეხით შედგნენ და იტირა წყარომ.

კომენტარის დატოვება