ვოლტერი – „ეპიზოდი”
გენიალურმა ფრანგმა ფილოსოფოს-განმანათლებელმა და სატირიკოსმა – ფრანსუა-მარი არუემ (1694-1778 წლები), იგივე – ვოლტერმა, რაოდენ საკვირველიც არ უნდა იყოს, საკუთარი სახლი პირველად მხოლოდ 60 წლის ასაკში, შვეიცარიაში გადასახლების ჟამს შეიძინა. (ავტორი გენია.ჯი) დიდმა ფრანგმა სწავლულმა და კარგმა ფინანსისტმა, რომელიც იმ პერიოდისათვის ეკონომიურად წელში იყო გამართული, შვეიცარიისა და საფრანგეთის საზღვართან განთავსებულ პატარა სოფელ ფერნეიში იმ დროს დაიდო ბინა, როდესაც იქ სულ რაღაც რვა ოჯახი სახლობდა. ვოლტერის ფერნეიში დამკვიდრებამ ამ პატარა სოფელს სრულიად ახალი სიცოცხლე შთაბერა. მისი უშუალო ინიციატივითა და ფულადი სახსრებით, ფერნეიში დასახლებული იქნა ის ათეულობით ფრანგი ემიგრანტი, რომლებიც სამშობლოდან ვოლტერის მსგავსად, გაძევებულნი იყვნენ ხელისუფლების მიერ. მიუხედავად თავისი ათეისტური რელიგიური მსოფლმხედველობისა, სახელოვანმა ფრანგმა განმანათლებელმა სოფელში ეკლესია ააგო. გარდა ამისა, ვოლტერი საკუთარი სახსრებით სახლებს უგებდა ფერნეიში ახლადდასახლებულ ადამიანებს; განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდა იმ ახალგაზრდებს, რომლებიც მოწადინებულნი იყვნენ შეეძინათ ცოდნა-განათლება (იგი ასეთ ახალგაზრდებს სრულად უფინანსებდა სწავლის საფასურს). ცნობილია ისიც,რომ სოფელში დამკვიდრებული მოსახლეობის დიდი ნაწილი შესანიშნავი მესაათები იყვნენ. თავის მხრივ კი, ვოლტერი ცდილობდა მეზობლებს თავიანთი ნაწარმის გასაღებაში დახმარებოდა. ამ მხრივ, ნიშანდობლივია ის გარემოებაც,რომ რუსეთის დედოფალთან – ეკატერინე II-სთან დაახლოებული ფილოსოფოსის უშუალო ძალისხმევის შედეგად, რუსმა მონარქმა-ქალმა ასეულობით საათი შეიძინა სოფელ ფერნეის მესაათებისაგან. ფილოსოფოსის ფერნეიში ცხოვრების უკანასკნელ ეტაპზე ოდესღაც დაცარიელებულ სოფელში უკვე 1 200 ადამიანი ცხოვრობდა. ზემოაღნიშნული ფაქტებიდან გამომდინარე, სოფლის მადლიერმა მაცხოვრებლებმა მათზე მზრუნველ ვოლტერს – „ფერნეის პატრიარქი” უწოდეს. – (ავტორი გენია.ჯი)