რატომ თქვა უარი ქუთაისის თავობაზე ნიკო ნიკოლაძემ?
1911 წელს საქართველოს ერთ-ერთ უმშვენიერეს, აკაკის „სავარდო და სამაისო” ქალაქ – ქუთაისში, ქალაქის თავის არჩევნების კამპანია იქნა გაჩაღებული. (ავტორი გენია.ჯი) ეს ის პერიოდია, როდესაც ამ უდიდესი ისტორიის მქონე ქალაქს კეთილმოწყობის მხრივ ადამიანის მადლიანი ხელი არ აჩნდა. ამის მიზეზი კი, თავის მხრივ, გახლდათ ფინანსების არარსებობა: სახელმწიფო ხაზინა არა მხოლოდ არ ეხმარებოდა ქუთაისის ბიუჯეტს, არამედ იგი ქალაქის ადგილობრივი რესურსების ხარჯვის საკითხშიაც კი უხეშად ერეოდა. შესაბამისად, ახლადარჩეულ ქალაქის თავს უნდა გამოეჩინა უნარი და გამოესწორებინა მეტად უნუგეშო მდგომარეობაში მყოფი ქალაქის თვითმართველობის საქმე. შექმნილმა სიტუაციამ წარმოშვა აუცილებლობა, ქალაქის მმართველად ისეთი კანდიდატი შეერჩიათ, რომელსაც ძალუძდა სათანადოდ გამკლავებოდა ქუთაისში წარმოქმნილ პრობლემებს. ასეთ კანდიდატად კი შეგულებული იქნა დიდი ქართველი საზოგადო მოღვაწე და ილია ჭავჭავაძის ერთ-ერთი უახლოესი თანამებრძოლი – ნიკო ნიკოლაძე (1843-1928 წლები). იმ პერიოდისათვის ნიკო ფოთში მოღვაწეობდა. შედეგად, ქუთაისის საბჭომ მასთან დეპუტაცია მიავლინა. მიუხედავად მრავალგზის თხოვნისა და მუდარისა, ნიკოლაძემ ქალაქის თავობაზე მაინც კატეგორიული უარი განაცხადა და ამის მიზეზად შემდეგი სახის განმარტება მოიყვანა მაგალითად: „მე აქ ხალხმა ამირჩია, პატივი მცა და როგორ შემიძლია მას ვუღალატო. გარდა ამისა, ძალიან დიდი საქმე მაქვს აქ დაწყებული, ფოთის ნავსადგურს ვაშენებთ და მისი მიტოვება არ შემიძლია”.
თუმცა, ნიკოლაძის უარის მიზეზი სინამდვილეში აბსოლუტურად სხვა იყო, რაც მან დეპუტაციის ერთ-ერთ წევრთან,თავის ახლო მეგობართან – ილია ჩიქოვანთან პირად საუბარშიც დაადასტურა: „კაცო, ხომ არ გაგიჟებულხარ, ქუთაისში, ამ ღატაკ, არარაო ქალაქში რომ მეპატიჟები, აბა მითხარი, იქ რის გაკეთება შეიძლება. მე ხომ ბიბლიური ღვთაება არა ვარ, რომ არარასგან ქვეყნიერება შევქმნა, ისედაც გეყოფათ ლანძღვა-გინება (მხედველობაში ჰყავდა ქალაქის ხელმძღვანელობა) და მე კიდევ თავი რად უნდა გავილანძღო?! თუ გინდა, შენ თვითონ დადექი ქალაქის თავად ქუთაისში, ახალგაზრდა კაცი ხარ, იქნება რამე გააკეთო, სასწაული მოახდინო”. – (ავტორი გენია.ჯი)